ბაზრების დაზღვევა სავალდებულო ხდება

2018-02-27 11:46:58

მთავრობის 2017 წლის 28 დეკემბრის დადგენილების თანახმად, მფლობელების მიერ მესამე პირის დაზღვევა იმოქმედებს შემდეგ ობიექტებზე: სავაჭრო ცენტრი; ბაზრობა (გარდა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რეალიზაციისათვის განკუთვნილი სპეციალური სავაჭრო ზონის ან ავტობაზრობისა); ავტოგასამართი ან/და აირგასამართი სადგური და სასტუმრო (100 და მეტადგილიანი სასტუმრო, დასასვენებელი სახლი).

"ინფო რუსთავი" დაინტერესდა მოხდება თუ არა რუსთავში არსებული ბაზრების დაზღვევა. "დაზღვევის ვალდებულების შესახებ ინფორმაცია ვიცოდით, ამ მომენტისთვის ვარჩევთ სადაზღვევო კომპანიას. 1 მარტიდან ბაზარი აუცილებლად იქნება დაზღვეული. ამისთვის ჩვენ არსებული შემოსავლებიდან თვეში დამატებით 3000 ლარამდე მოგვიწევს გადახდა. მიუხედავად იმისა რომ ბაზრობას ხარჯები გაეზრდება ეს არ აისახება მოვაჭრეების ყოველდღიურ გადასახადზე, მათ ამის გამო გადასახადი არ მოემატებათ" - აცხადებს ე.წ. "სტამბულის ბაზრობის" მენეჯერი.

"აღნიშნული საკითხი არ ეხება აგრობაზრობას, ამიტომ ეს ჩვენთვის სავალდებულო არ იქნება" - განაცხადა "ძველი ბაზრის" დირექტორმა.

დადგენილების თანახმად, სავაჭრო ცენტრის/ბაზრობის შემთხვევაში დაზარალებულის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მიყენებულ ზიანზე სადაზღვევო ლიმიტი განისაზღვრება 300 000 ლარით; ხოლო ობიექტში კომერციული საქმიანობით დაკავებული მეწარმე სუბიექტის ქონებისთვის (მოძრავი ქონება, მარაგები) მიყენებულ ზიანზე − ობიექტში ფუნქციონირებადი კომერციული ობიექტების რაოდენობის ნამრავლით 15 000 ლარზე, არაუმეტეს 15 მილიონი ლარისა.

სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, 2017 წელს ქვეყანაში სულ 15 222 ხანძრის შემთხვევა დაფიქსირდა, რაც 39%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 2016 წელს საქართველოში ხანძრის 10 951 შემთხვევა გამოვლინდა.