"აზოტის" თანამშრომლების პროტესტის მე-8 დღე

2026-02-04 19:16:12

"რუსთავის აზოტის" ქარხნის დასაქმებულებმა რუსთავის მერიის წინ აქცია გამართეს.

მსვლელობა "აზოტის" ქარხნის ტერიტორიიდან დაიწყო და მერიასთან დასრულდა. თანამშრომლები 8 დღე პროტესტის რეჟიმში იმყოფებიან. მათი მთავარი მოთხოვნა კვლავ ხელფასის 300 ლარით გაზრდაა.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" ერთ-ერთმა გაფიცულმა დავით მეტრეველმა განუცხადა, გაფიცულებმა ქალაქის ხელმძღვანელობას შუამდგომლობის თხოვნით მიმართეს. ნინო ლაცაბიძესთან და ირაკლი შატაკიშვილთან შეხვედრის შემდეგ დასაქმებულებმა შეიმუშავეს 4 პუნქტი, რის შესრულებასაც ითხოვენ საწარმოს ხელმძღვანელობისგან.

დასაქმებულების მოთხოვნილი 4 პუნქტი:
1. ხელფასის მატება 200 ლარით
2. პროტესტის დროს გაცდენილი დღეების ანაზღაურება
3. 25% პრემიის "ფიქსირებულ ხელფასში" შეტანა
4. სასამართლო დავის შეწყვეტა ყველა დასაქმებულის მიმართ

აზოტის თანამშრომლების პროტესტი გრძელდება.

"რუსთავის აზოტის" ხელმძღვანელობა აღნიშნულთან დაკავშირებით "ინფო რუსთავთან" კომენტარს ამ დრომდე არ აკეთებს.