ელექტროენერგიის ტარიფი იზრდება

2025-12-17 13:19:04

სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია აცხადებს, რომ ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფის ზრდა იგეგმება.

რამდენით გაიზრდება ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი, ეს 29 დეკემბერს კომისიის სხდომაზე გახდება ცნობილი.

"ამ ეტაპზე მიმდინარეობს ელექტროენერგიის და ბუნებრივი აირის ტარიფების გადახედვა. ბუნებრივი აირის ტარიფების ზრდის მოლოდინი და წინაპირობები ამ ეტაპისთვის არ არსებობს, მხოლოდ შესაძლოა ძალიან მინიმალური კორექტირება იყოს, ზრდა შეეხება ელექტროენერგიის ტარიფებს, თუმცა დღეს კონკრეტული ციფრის და ზრდის პროცენტის დასახელება გამიჭირდება, ვინაიდან ყოველდღიურ რეჟიმში მარეგულირებელი კომისია მუშაობს. ეს სამუშაოებია კომპანიების აუდიტის დასრულება, ასევე ახალი საინვესტიციო პროექტების გავლენა, ძველი პროექტების ხარჯების დაზუსტება და სწორედ ამაზე დაყრდნობით მოხდება ახალი ტარიფის დადგენა", - განაცხადა დავით ნარმანიამ.

სემეკის თავმჯდომარე ასევე ამბობს, რომ წყლისა და ბუნებრივი აირის ტარიფი იგივე დარჩება.