დაფიქსირდა თუ არა, რომელიმე საწარმოში დარღვევა 1 დეკემბერს ჩატარებული შემოწმების დროს

2025-12-04 14:23:13

1 დეკემბერს რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძი გარემოსდაცვით ზედამხედველობის ჯგუფებთან ერთად ქალაქის მასშტაბით დათვალიერების მიზნით რამდენიმე საწარმოში იმყოფებოდა.

ზედამხედველობის თანამშრომლებმა ატმოსფერულ ჰაერში გავრცელებული მავნე ნივთიერებების ექპსრეს გაზომვები ჩაატარეს.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავი" დაინტერესდა, გამოვლინდა თუ არა რაიმე ტიპის დარღვევა გაზომვების შედეგად. როგორც გარემოსდაცვით ზედამხედველობაში გვითხრეს, პროცესის დროს დარღვევა არცერთ საწარმოში არ დაფიქსირებულა.

"გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, რუსთავში გავრცელებული უსიამოვნო სუნის გამომწვევი მიზეზის დადგენის მიზნით, 1 დეკემბერს, რუსთავის მერთან და მერიის წარმომადგენლებთან ერთად განახორციელეს შპს ჯეოსთილის და შპს რუსთავოილის კუთვნილი საწარმოების, ასევე მათი მიმდებარე ტერიტორიების დათვალიერება და ატმოსფერულ ჰაერში გავრცელებული მავნე ნივთიერებების ექპსრეს გაზომვები. ასევე განხორციელდა გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ აღთაკლიაში არასახიფათო ნარჩენების ნაგავსაყრელის და მისი მიმდებარე ტერიტორიის დათვალიერება და ჩატარდა შესაბამისი გაზომვები. ჩატარებული გაზომვების შედეგად არც ერთ ობიექტზე დარღვევა არ დაფიქსირდა. ამასთან, უკანონოდ მოწყობილ არასახიფათო ნარჩენების ნაგავსაყრელს დეპარტამენტმა 2025 წლის 08 ოქტომბერს ადმინისტრაციული მიწერილობით შეუზღუდა საქმიანობა და მითითებულ ტერიტორიაზე ნარჩენების განთავსება. რუსთავში მოქმედი საწარმოების ინსპექტირების პროცესი გრძელდება",- გვითხრეს გარემოსდაცვით ზედამხედველობაში.