სოციალურად დაუცველთა საზოგადოებრივ სამუშაოზე დასაქმების სახელმწიფო პროგრამა აღარ გაგრძელდება

2025-12-01 15:22:24

სოციალურად დაუცველთა საზოგადოებრივ სამუშაოზე დასაქმების სახელმწიფო პროგრამა აღარ გაგრძელდება. 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის მესამე გადამუშავებულ ვარიანტში „დასაქმების სისტემის რეფორმების პროგრამის“ ბიუჯეტი თავდაპირველ (ასევე მეორედ გადამუშავებულ) ვარიანტთან შედარებით 91.192 მლნ ლარით არის შემცირებული.

უფრო კონკრეტულად, 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის თავდაპირველ ვარიანტით „დასაქმების სისტემის რეფორმების პროგრამისთვის“ გათვალისწინებული იყო 113.3 მლნ ლარი, საბოლოოდ გადამუშავებულ პროექტში კი თანხა 21.613 მლნ ლარამდე მცირდება, რაც ფაქტობრივად, იმას ნიშნავს, რომ ეს პროგრამა მომავალი წლიდან აღარ გაგრძელდება.

„აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, პროექტის წინა ვერსიით გათვალისწინებული იყო საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების ხელშეწყობის მიზნით შესაბამისი ასიგნებები. აღნიშნულ ქვეპროგრამას მიმდინარე წელს შეუსრულდა 4-წლიანი ციკლი, რაც თავდაპირველად იყო დაგეგმილი.

ამავდროულად, ბოლო წლების მაღალი ეკონომიკური ზრდის პარალელურად ფიქსირდება სამუშაო ძალის დეფიციტი შრომის ბაზარზე. შესაბამისად, მიზანშეწონილად ჩაითვალა მომდევნო პერიოდში აღარ გაგრძელდეს პროგრამა არსებული სტრუქტურით და მის ბენეფიციარებს სხვადასხვა გადამზადების პროგრამებით ხელი შეეწყოს კერძო სექტორში დასაქმების მიმართულებით“, - აღნიშნულია 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის მესამე გადამუშავებული ვარიანტის განმარტებით ბარათში.

აღნიშნული პროგრამისთვის სახელმწიფო ბიუჯეტში წლების მიხედვით შემდეგი თანხა იყო გათვალისწინებული:

2025 წელს – 112.805 მლნ ლარი
2024 წელს – 109.007 მლნ ლარი
2023 წელს – 107.265 მლნ ლარი
2022 წელს – 48.103 მლნ ლარი
შეგახსენებთ, რომ დასაქმების სახელმწიფო პროგრამა 2022 წლის მარტიდან ამოქმედდა. სოციალურად დაუცველებს ხელისუფლებამ საჯარო სამსახურებში დასაქმება შესთავაზა შემწეობის 4 წლის განმავლობაში შენარჩუნების პარალელურად. ნებისმიერ ასეთ სამუშაო ადგილზე ხელფასი 300 ლარი იყო.