2025-11-27 11:45:36
"გული შეგვტკივა და ვგულშემატკივრობთ იმ ადამიანებს, რომლებსაც აქვს მიწის ნაკვეთი ამ ფერზე",- ამის შესახებ რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ მე-8 მოწვევის საკრებულოზე იაღლუჯის ფერდზე არსებულ მიწის ნაკვეთებზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
ლაცაბიძის თქმით, იმის გამო, რომ იაღლუჯის ფერდზე არსებული მიწის ნაკვეთები სხვა მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაშია, ამ საკითხთან დაკავშირებით მას მხოლოდ მედიატორის, შუამავლის როლის შესრულება შეუძლია.
"მოსახლეობის, ვინ იაღლუჯზე ფლობს გარკვეულ მიწას, დიდი ინტერესია დღეს. ეს ტერიტორია ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში არ შემოდის და არის სხვა მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში.
მქონდა რამდენიმე შეხვედრა საინიციატივო ჯგუფთან, ვაპირებ, რომ გავაგრძელო აქტიურად თანამშრომლობა, მხოლოდ და მხოლოდ იმ ნაწილში, რაც მედიატორის, შუამავლის ფუნქცია იქნება, რათა მათი საკითხის უფრო აქტუალურად დაყენება შევძლოთ ცენტრალურ ხელისუფლებასთან.
რა თქმა უნდა, გული შეგვტკივა და ვგულშემატკივრობთ იმ ადამიანებს, რომლებსაც აქვს მიწის ნაკვეთი ამ ფერზე",- განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.
შეგახსენებთ, რომ იაღლუჯის ფერდზე რუსთავის ათასობით მოქალაქე ათეული წლებია მიწის ნაკვეთებს ფლობს. საჯარო რეესტრში ათასობით ადამიანის განაცხადია შესული, რომ მიწის სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში მოხდეს იაღლუჯზე არსებული ნაკვეთების აზომვა და რეგისტრაცია, თუმცა ამ დრომდე მათ არავინ დაკავშირებია.
უფასო სისტემური რეგისტრაციის ვადა, რომლის ფარგლებშიც საქართველოს მასშტაბით აუზომელი არ უნდა დარჩეს მიწის ნაკვეთი, წლის ბოლომდეა. რუსთაველები შიშობენ, რომ შესაძლოა პროგრამა ისე დასრულედ, რომ იაღლუჯის ნაკვეთების აზომვა არ მოხდეს.
ის ადამიანები, რომლებიც იაღლუჯაზე მიწის ნაკვეთებს ფლობენ, "ინფო რუსთავთან" აცხადებენ, რომ მიწების დიდი ნაწილი 2000-იანების დასაწყისში უკანონოდ გასხვისდა, რაც კიდევ უფრო ართულებს რეგისტრაციის პროცესს.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავი" რამდენჯერმე ესაუბრა საჯარო რეესტრსაც, სადაც გვითხრეს, რომ წლის ბოლომდე მთელი ქვეყნის მასშტაბით აუზომელი მიწა არ უნდა დასრულდეს და თუკი იალღჯუჯის ტერიტორიაზე აზომვის პროცესები არ დაწყებულა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მომავალში არ დაიწყება.