2025-11-26 17:05:08
კობახიძემ პარლამენტში განაცხადა, რომკერძო სკოლებს შეეძლებათ, შეინარჩუნონ 12-წლიანი სასწავლო პროგრამა, რაც შეეხება საჯარო სკოლებს, შეიქმნება სპეცკლასები საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების მსურველი მოსწავლეებისთვის.
პრემიერის განმარტებით, მოსწავლეებს არავითარი ხელოვნური დაბრკოლება არ შეექმნებათ და ამ მიმართულებით განცხადებები სპეკულაციურია.
"კერძო სკოლებს შეეძლებათ, შეინარჩუნონ 12-წლიანი სასწავლო პროგრამა. მეორე – რაც შეეხება საჯარო სკოლებს, აქაც თუ ვინმეს ექნება სურვილი, რომ გაიაროს მე-12 კლასი, რათა შემდეგ ადვილად განაგრძოს სწავლა საზღვარგარეთ, ამისთვის შეიქმნება სპეცკლასები სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის თბილისში, შეგვიძლია, თითოეულ რაიონში შევქმნათ შესაბამისი სპეცკლასები. აქედან გამომდინარე, ვინმეს თუ ექნება სურვილი, დაამთავროს მე-12 კლასი და განაგრძოს პირველი კურსიდან სწავლა საზღვარგარეთ, ამის ყველანაირი პირობა იქნება შექმნილი. შესაბამისად, ჩანს, რომ მთლიანად სპეკულაციურია ის განცხადებები, რომლებიც უკავშირდებოდა ხელოვნური დაბრკოლების შექმნას ბავშვებისთვის. არავითარი ხელოვნური დაბრკოლება მოსწავლეებს არ შეექმნებათ. ვისაც ენდომება 12 კლასის დახურვა და საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელება, ყველას მივცემთ ამის შესაძლებლობას“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ განათლების სისტემის რეფორმის კონცეფცია სრულ შესაბამისობაშია ბოლონიის პროცესის მოთხოვნებთან, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ სრულად შეისწავლა.
„სიღრმისეულად გავაანალიზეთ ბოლონიის პროცესის თითოეული მოთხოვნა, მათ შორის სწავლების ხანგრძლივობის, სხვა რეგულაციების ნაწილში და ბუნებრივია, ჩვენ, ჩვენი პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, კონცეფცია წარმოვადგინეთ ბოლონიის პროცესის მოთხოვნებთან სრულ შესაბამისობაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში.