2025-11-24 16:36:55
პაატა სალიას მივმართავ - მობრძანდით N8 პენიტენციურ დაწესებულებაში და საკუთარი თვალით მაინც ნახავთ, თუ რა პირობებში გვიწევს აქ ყოფნა ან კატეგორიულად მოვითხოვ ვიდეომეთვალყურეობის კამერის გასაჯაროებას,- ამის შესახებ სააპელაციო სასამართლოში ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის, მსჯავრდებულმა ნიკოლოზ ჯავახიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, პატიმართა მოტივაცია და შემართება გაცილებით უფრო დიდია, ვიდრე დაჭერამდე.
„გამარჯობა ჩემო მეგობრებო, თანამოაზრეებო და სამშობლოს სიყვარულით გულანთებულო საზოგადოებავ. წმინდა გიორგის ძალა და მადლო შეგვეწიოს თითოეულ ჩვენგანს და დაე ისე დაგვემარცხებინოს ბოროტება და უსამართლობა როგორც თვით წმინდა გიორგიმ შუბით გველეშაპი.
ციხის პირობებში ძალიან მხნედ ვართ, თუ გნებავთ აქედან გაგამხნევებთ. ვსწავლობთ, ვძლიერდებით როგორც ფიზიკურად, ისე სულიერად, ვსაუბრობთ და განვიხილავთ თემებს და ხშირად ვბრაზობთ იმ უსამართლობაზე, რომელიც ქვეყანაში ხდება. ციხეს ჩვენზე არანაირი ზეგავლენა არ მოუხდენია, პირიქით ამას ჩვენს სასარგებლოდ ვიყენებთ.
მინდა გამოვეხმაურო პენიტენციურ სამსახურის დეპარტამენტს და ადმინისტრაციას. როცა, რაიმე განცხადების გავაკეთებთ, თქვენ ჯერ თავის მართლების რეჟიმში გადადიხართ და მერე აკეთებთ საქმეს. მოგმართავთ სასამართლო დარბაზიდან, ვილაპარაკებ ხმამაღლა იმაზე, თუ როგორ ექცევით პატიმრებს. პაატა სალიას მივმართავ - მობრძანდით N8 პენიტენციურ დაწესებულებაში და საკუთარი თვალით მაინც ნახავთ, თუ რა პირობებში გვიწევს აქ ყოფნა ან კატეგორიულად მოვითხოვ ვიდეომეთვალყურეობის კამერის გასაჯაროებას. ასევე, ლევან მაჭავარიანმა თქვა, „ციხეში ძალიან კარგი პირობებია, ვინც გამოდის მადლობას იხდის, თქვენ 2012-წლამდე უნდა გენახათო“ - ლევან რამდენმა კაცმაც ამ კომენტარის გამო შეგაგინა ჩემდათავად, ერთი არ აგცდეს. რომელ პირობებზე ლაპარაკობ? ჯერ ერთი წელია, რაც აქ ვარ და პატიმარი ცემით მოკალით, პირდაპირი მნიშვნელობით, 3 ბადრაგი დაჭრეს. 16 პატიმარი სცემეს. ექიმი არ არის, საჭმელი არა, კარადებში ტარაკნები დარბიან. მაღაზიის პროდუქტები ორჯერ ძვირია, ვიდრე გარეთ. მაგრამ როგორი ცუდი პირობებიც არ უნდა იყოს, ეს ჩვენს შემართებას ვერაფერს დააკლებს“,- განაცხადა ნიკოლოზ ჯავახიშვილმა.
ასევე, მსჯავრდებულმა საზოგადოებას 28 ნოემბერს დაანონსებულ აქციაზე გასვლისკენ მოუწოდა.
„2024 წლის 28 ნოემბერი ის თარიღია, რომელიც ისტორიაში შევა, რა დღესაც სამშობლოსთვის გულანთებული ათი ათასობით და ასი ათასობით ადამიანი, გაბრაზებული გამოვიდა და საიდანაც დაიწყო უწყვეტი პროტესტები, რომელიც გრძელდება. 1 წელი სრულდება უწყვეტი პროტესტების და მოგიწოდებთ ნებისმიერი სფეროს წარმომადგენელს, რომ გამოდით რუსთველზე და დაიცავით თქვენი სამშობლო და მომავალი. დაიცავით წინაპრების სისხლით მოპოვებული თავისუფლება. არ შეშინდე - გაბრაზდი, გაბრაზდი და აჯანყდი, აჯანყდი და დაასრულე რეჟიმი.
მაინტერესებდა, ყოველთვის როგორ ბოროტდება ადამიანი, როცა უსამართლოდ მოექცნენ. როცა ხედავ შენ ტოლ გოგო-ბიჭებს, როცა ე.წ. პოლიცია იჭერს, როცა ხალხი სახლის გარეშე რჩება, როცა ხელფასებს იზრდიან და პენსიონერებს 300-400 აქვთ. პოლიციელებო გაბოროტებული ადამიანები გინახავთ? ეხება გოგა მემანიშვილის, საშა სალუქვაძეს, სერგი ბზიშვილს, და ვაჟა სირაძეს. თითოეულ თქვენგანს და თქვენს რიგითებს მოგიწევთ პასუხისგება.
ყველამ კარგად უნდა გაიაზროს, თვალები უნდა გაახილოს და დაინახოს რეალობა თუ ვინ არის ნამდვილი მტერი, ვისაც ომი სურს და ვისაც საქართველოს მარწუხებში მოქცევა სურს, ვინც აფერხებდა და აფერხებს ჩვენი ქვეყნის განვითარებას და წინსვლას - ეს რუსეთია.
მოგმართავთ პროკურორებს. ბატონო ვაჟა და ბატონო ვახტანგ თქვენ ხართ ერთი უსუსური ადამიანები, ადამიანებიც არ ხართ, ერთი იატაკის ტილო ხართ, რომელზეც მე პირადად ფეხს არ გავიწმენდდი. თქვენი უსამართლო საქციელებისთვის პასუხის აგებთ“,- განაცხადა ნიკოლოზ ჯავახიშვილმა.
ცნობისთვის, სააპელაციო სასამართლოში პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული ზვიად ცეცხლაძისა და კიდევ შვიდი პირის სასამართლო პროცესი გაიმართა, სადაც მხარეებმა შესავალი სიტყვა წარმოთქვეს.