მწვანე ბარათის პროგრამაში მონაწილეობის წესებში ცვლილებებია

2025-11-13 12:30:13

მწვანე ბარათის გათამაშება გადაიდო.

როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მიზეზი პროგრამაში მონაწილეობის წესების ცვლილებაა. წესით ნოემბრის პირველი ნახევრისთვის გათამაშება უკვე დასრულებული იყო ხოლმე. 

"ჩვენ რაც შეიძლება მალე გამოვაცხადებთ DV-2027-სთვის სარეგისტრაციო პერიოდის დაწყების თარიღს, ასევე თარიღს, როდესაც DV-2027-ის შერჩევის შედეგები შესაძლოა ხელმისაწვდომი გახდეს.

ეს ცვლილებები გავლენას არ მოახდენს გათამაშების მომავალი გამარჯვებულებისთვის ვიზაზე განაცხადის პერიოდზე, რომელიც 2026 წლის 1 ოქტომბრიდან 2027 წლის 30 სექტემბრამდე შენარჩუნდება", - წერს სახდეპი.

აქამდე ითვლებოდა, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 2027 წლის საიმიგრაციო ვიზის გათამაშებაზე რეგისიტრაცია მთავრობის ე.წ. შათდაუნის გამო არ გახსნა.

გათამაშების დაწყების თარიღი, სახდეპის ცნობით, პირველივე შესაძლებლობისთანავე გამოცხადდება.

მრავალფეროვნების ვიზის (Diversity Visa) პროგრამა, რომელიც ცნობილია, როგორც მწვანე ბარათის ლატარია, ათასობით ადამიანს აშშ-ში მუდმივი ბინადრობის მიღების შანსს აძლევს. DV-2027 რეგისტრაციის პროცესში შეტანილმა, ცვლილებებმა შესაძლოა, გავლენა მოახდინოს განმცხადებლების რეგისტრაციის წესსა და ვადებზე.

დეპარტამენტის წარმომადგენლებმა სოციალურ მედიაში განაცხადეს, რომ DV-2027-ის რეგისტრაციის პერიოდი ამჟამად არ არის გახსნილი, რითაც საზოგადოებას აფრთხილებენ თაღლითური განცხადებებისა და სერვისების შესახებ, რომლებიც ცრუდ ამტკიცებენ, რომ რეგისტრაცია ხელმისაწვდომია ან რომ შერჩევის შანსები შეიძლება გაიზარდოს.

2025 წლის აგვისტოდან მწვანე ბარათის გათამაშებაში რეგისტრაცია ფასიანი გახდა და $1-ით განისაზღვრა.