სოკოთი მოწამვლის შედეგად ქალი გარდაიცვალა, მისი მეუღლე კი კლინიკაშია

2025-10-23 12:51:50

კახეთში, სოკოთი მოწამვლის შედეგად 60 წლამდე ქალი გარდაიცვალა, მისი მეუღლე კი კლინიკაშია მოთავსებული.

ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" ინფორმაცია თელავის რეფერალური კლინიკის დირექტორმა, ხათუნა ჭონიაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, ბოლო ორი კვირის განმავლობაში კახეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან მათ კლინიკაში სოკოთი ინტოქსიკაციით 20-მდე პაციენტი შეიყვანეს.

მათგან ორის, ცოლ-ქმრის, მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე იყო. სამწუხაროდ მედიკოსებმა 60 წლამდე ქალის გადარჩენა ვერ მოახერხეს, რადგან კლინიკაში მისი შეყვანა დაგვიანებით მოხდა.

"ამ ორი კვირის განმავლობაში 20-მდე პაციენტია შემოყვანილი. პაციენტების მეთვალყურეობა და დაკვირვება ინტენსიურ განყოფილებაში მიმდინარეობს. განსაკუთრებით მძიმე იყო ორი, რომლებიც რეანიმაციულ განყოფილებაში იყვნენ მოთავსებულები. ერთი იყო, სავარაუდო, დაგვიანებული შემთხვევა, რადგან წინა ღამესაც მიირთვა ამ ქალბატონმა სოკო, შემდეგ დილითაც, მერე სამუშაოდ იყო წასული და საღამოს უკვე გადმოიყვანეს ჩვენთან. მეუღლეს დილით ჰქონდა მიღებული, ორივე მძიმედ იყო, საბედნიეროდ მეუღლის გადარჩენა შევძელით და, სავარაუდოდ, ხვალ გავწერთ.

იყო ოჯახები, საიდანაც 3-4 წევრი იყო შემოყვანილი",- გვითხრა ხათუნა ჭონიაშვილმა.

მედიკოსი მოქალაქეებს მიმართავს და სიფრთხილისკენ მოუწოდებს.


ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები