იაღლუჯას მთის ფერდობზე სააგარაკე მიწების მფლობელები 2 ოქტომბერს 17:00 საათზე ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულისა და იუსტიციის სახლის შენობებთან საპროტესტო აქციას გამართავენ.
როგორც აქციის ორგანიზატორმა მარიამ ქვარცხავამ საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" განუცხადა, საპროტესტო აქციით ითხოვენ, რომ სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში საჯარო რეესტრმა იაღლუჯის ფერდობზე მიწების აზომვა დაუყოვნებლივ დაიწყოს.
"2 ოქტომბერს ვმართავთ საპროტესტო აქციას ჩვენი იაღლუჯას ნაკვეთებზე სისტემური რეგისტრაციის დაუყოვნებლად დაწყების მოთხოვნით.
9 სექტემბერს განცხადებებით და თან დართული 4150 ხელმოწერით, რომლითაც იაღლუჯაზე სისტემური რეგისტრაციის დაწყებას ვითხოვთ, მივმართეთ პრემიერს, პრეზიდენტს, იუსტიციის მინისტრს, პროკურატურას, გუბერნიას და რუსთავის მერს. ამ წერილების უმეტესობა გადააგზავნეს საჯარო რეესტრში. საჯარო რეესტრი კი საერთოდ არ გამოდის ჩვენთან კონტაქტზე, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ ივლისში მივმართეთ როგორც აუდიენციის მოთხოვნით, ისე სისტემური რეგისტრაციის დაწყების თხოვნით. განცხადებები ვადაგადაცილებაშია, დღემდე უპასუხოდ.
მეოთხედ შევხვდით ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილეს ბატონ ნიკა კობახიძეს, რომელსაც უშუალოდ ეხება ქვემო ქართლში მიწის საკითხები და რომელიც უპირველესად უნდა დაგვხმარებოდა ჩვენი პრობლემების მოგვარებაში, თუმცა აბსოლუტურად უყურადღებოდ ეკიდება ჩვენს პრობლემას, მხოლოდ ფუჭ დაპირებებს გვაძლევს, რომ რეესტრს შეხვდა, რომ სამუშაო ჯგუფს შექმნიდა, რომ ჩვენ შეგვახვედრებდა მათ. თუმცა არანაირი რეალური შედეგი არ დადგა ამ 4 თვის მანძილზე. დაპირებები- ჩვენს თავიდან მოსაშორებლად.
პარალელურად, რეესტრის სამსახურის რიგითმა თანამშრომლებმა პირად საუბარში მითხრეს, რომ სისტემური რეგისტრაცია საერთოდ აღარ იქნება იაღლუჯაზეო. მე ვკითხე, კი მაგრამ ეს როგორ? ხომ კანონით გვეკუთვნის? მიპასუხეს: “აი ეგრეო”. ანუ არის რაღაც საშუალება როგორც ჩანს, რომ სისტემური რეგისტრაცია კანონის გვერდის ავლით არც დაიწყონ იაღლუჯაზე. ამისი მტკიცებულებაა ის, რომ მაისი-ივნისში უნდა დაწყებულიყო სისტემური, ასეულობით ადამიანს დაგვირეკეს რეესტრიდან მაშინ, გაგვაგებინეს და მერე დაიკარგნენ",- გვითხრა მარიამმა.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავი" დაუკავშირდა საჯარო რეესტრს კითხვებით, არის თუ არა დაწყებული სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში მიწის აზომვითი პროცესი და თუ არის რა ფართობის მიწაა ამ დროისთვის აზომილი. ასევე რამდენმა ადამიანმა მიმართა მათ განცხადებით და რამდენ განაცხადზე მოხდა მოთხოვნის, მიწის აზომვის, დაკმაყოფილება.
რეესტრი აცხადებენ, რომ ვერ მოგვაწვდიან ინფორმაციას, ახლა მიმდინარეობს თუ არა იაღლუჯაზე მიწის აზომვითი სამუშაოები, თუმცა აცხადებენ, რომ სისტემური რეგისტრაციის პროგრამას აქვს წლის ბოლომდე ვადა და მათივე თქმით, თუ ახლა იაღლუჯაზე აზომვითი სამუშაოები არ მიმდინარეობს, არ ნიშნავს იმას, რომ საერთოდ არ აიზომება. მათივე თქმით, წლის ბოლომდე მთელი ქვეყნის მასშტაბით არ უნდა დარჩეს აუზომავი მიწა.
"განაცხადის შეტანა არ ნიშნავს, რომ იმ დღესვე უნდა მოვიდეს ამზომველი და დაიწყოს საამზომველო სამუშაოები. მიწის სისტემურ რეგისტრაციას აქვს თავისი გრაფიკი, პოლიტიკა, ლოგიკა და არეალები. რაც შეეხება იაღლუჯას, მოსახლეობამ გამოიჩინა ინტერესი, გარკვეული კითხვები და პრეტენზიები ჰქონდათ, რომ რაღაც ისე არ ხდება, როგორც წესი და რიგია.
ამის საპასუხოდ, ჩვენი წარმომადგენლები შეხვდნენ იაღლუჯას მაცხოვრებლებს და დეტალურად აუხსნეს რატომ, როგორ და როდის განხორციელდებოდა. წლის ბოლომდე ყველა მუნიციპალიტეტში სააგენტო მუშაობს, ამზომველები ჩართულები არიან უწყვეტ რეჟიმში საამზომელო სამუშაოებში და ეტაპობრივად , სადაც დარჩენილი საამზომელო სამუშაოები, ყველგან დასრულდება.
ვერ გეტყვით ახლა იაღლუჯაზე მიმდინარეობს თუ არა, მაგრამ იმასაც ვერ გეტყვით, რადგან დღეს არ არიან, ეს იმას ნიშნავს, რომ არ იქნებიან. რეფორმას ვადა აქვს წლის ბოლომდე, ეს იმას ნიშნავს, რომ ეტაპობრივად ყველა არეალი უნდა დაიფაროს, რომ დასრულდება წელი არ უნდა დარჩეს არცერთი მიწა აუზომავი. ამ რეფორმას ვადა ჰქონდა ორი წელი, ჩვენ შარშან უნდა დაგვესრულებინა ყველა არეალი, იქიდან გამომდინარე, რომ ხან უგზოობის, ხან გარემო პირობების, ხან რთული რელიეფის და ხანაც ხალხის მობილიზების გამო ბოლო წერტილამდე ვერ გავიდა.
ამის შემდეგ პრემიერ მიიღო გადაწყვეტილება, რომ კიდევ ერთი წელი უნდა გახანგრძლივებულიყო. წლის ბოლომდე ყველა არეალი უნდა დაიფაროს. მესმის მათი აღელვება, ინტერესი, უბრალოდ ის, რომ დღეს არ ვართ არ ნიშნავს რომ არ ვიქნებით, რეფორმას ვადა აქვს",- განგვიცხადეს რეესტრში.