"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით პარტიების "საქართველოსთვის" და "ლელოს" რუსთავის მერობის საერთო კანდიდატი იქნება თამარ კეკენაძე.
თამარ კეკენაძე მოკლე ბიოგრაფია
თამარ კეკენაძე (დ. 12 აპრილი, 1982) — ქართველი პოლიტიკოსი, დიპლომატი და აკადემიური სფეროს წარმომადგენელი. არის პარტია „საქართველოსთვის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი და CAMCA Regional Forum-ისა და CAMCA Network-ის აღმასრულებელი დირექტორი, რომელიც ფუნქციონირებს Donald Rumsfeld Foundation-ის მხარდაჭერით და აერთიანებს ცენტრალური აზიის, კავკასიის, მონღოლეთისა და ავღანეთის ლიდერებს, მიზნად რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავებასა და საერთაშორისო პარტნიორობის განვითარებას ისახავს.
განათლება
თამარ კეკენაძე არის სოციალური მეცნიერებების დოქტორის ხარისხის კანდიდატი თავისუფალ უნივერსიტეტში. დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სადაც მოიპოვა ეკონომიკის დოქტორისა და ინფორმატიკისა და მართვის სისტემების მაგისტრის ხარისხი. არის Donald Rumsfeld Foundation-ის და სტენფორდის უნივერსიტეტის ლიდერობის განვითარების აკადემიისსტიპენდიატი.
აკადემიური საქმიანობა
2021 წლიდან კეკენაძე ხელმძღვანელობდა Advance Research and Policy Development Institute-ს ბრიტანეთის უნივერსიტეტში საქართველოში.
2022-2024 წლებში ის იყო უნივერსიტეტის სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტის დეკანი და ასოცირებული პროფესორი პოლიტიკის მეცნიერების მიმართულებით.
მისი ხელმძღვანელობით შეიქმნა და ამოქმედდა ინგლისურენოვანი საჯარო პოლიტიკისა და ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა. ასევე კურირებდა უნივერსიტეტის პარტნიორობით ბუკინგემის უნივერსიტეტთან მოქმედ პროგრამებს.
პროფესიული საქმიანობა
2012–2015 წლებში კეკენაძე ხელმძღვანელობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის მისიას ნატოსა და ევროკავშირში, ბრუსელი, ბელგია.
2009–2011 წლებში იყო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ნატოს სამმართველოს უფროსი.
2005–2008 წლებში მუშაობდა არასამთავრობო ორგანიზაციაში „ახალი თაობა – ახალი ინიციატივა“, სადაც კურირებდა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საგანმანათლებლო პროგრამებს.
ჯილდოები და სტაჟირება
2008 წელს დაჯილდოვდა „ახალგაზრდა ევროპელის“ (Young European 2008) ტიტულით ჰაინც შვარცკოპფის ფონდისგან — ევროპული ღირებულებების გავრცელებასა და საერთაშორისო ურთიერთგაგების ხელშეწყობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.
ამავე ჯილდოს ფარგლებში, 2009 წელს სტაჟირება გაიარა ევროპარლამენტში (ბრიუსელი, ბელგია), პრეზიდენტის კაბინეტში, სადაც მუშაობდა საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებზე.
ახალგაზრდული საქმიანობა
2007–2009 წლებში იყო ევროპის ახალგაზრდული ფორუმის (European Youth Forum, ბრიუსელი) გამგეობის წევრი, სადაც მუშაობდა ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარებაზე და არასამთავრობო ორგანიზაციების შესაძლებლობების გაძლიერებაზე.
2005–2008 წლებში საქმიანობდა საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციების ეროვნულ საბჭოში (NCYOG), სადაც კურირებდა საერთაშორისო თანამშრომლობასა და ახალგაზრდულ პოლიტიკას.
2004 წელს დააარსა AEGEE-Tbilisi, რომელიც გახდა სამხრეთ კავკასიაში პირველი ადგილობრივი წარმომადგენლობა ევროპის სტუდენტური ორგანიზაციის AEGEE-ს (Association des États Généraux des Étudiants de l'Europe).
პოლიტიკური საქმიანობა
2020–2024 წლებში იყო პოლიტიკური პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარე.
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით რუსთავის მერობის კანდიდატად ასევე განიხილებოდა რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის ამჟამინდელი მოადგილე ალეკო ბერიძე, თუმცა პარტიებსა და სავარაუდო კანდიდატს შორის შეთანხმება გარკვეულ საკითხებზე ვერ მოხერხდა. ალეკო ბერიძემ სააგენტოს განუცხადა რომ თვითმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებს.