იაღლუჯის სააგარაკე მიწის მფლობელები ხელმოწერებს აგროვებენ

2025-08-28 12:18:59

იაღლუჯის სააგარაკე მიწის მფლობელები ხელმოწერებს აგროვებენ.

როგორც ჯგუფ "იაღლუჯის სამეზობლოს" შემქმნელი და მთის ფერდობზე ერთ-ერთი მიწის მფლობელმა, მარიამ ქვარცხავამ გვითხრა, წერილი 6 სხვადასხვა უწყების სახელზეა დაწერილი და მათზე ხელმომწერები მოითხოვენ, საჯარო რეესტრმა დროულად დაიწყოს იაღლუჯაზე სისტემური რეგისტრაცია, დაინტერესდეს საგამოძიებო უწყება 2008 წელს მიწის ნაკვეთების ნაწილის გასხვისებით ფაქტებით.

როგორც მარიამ ქვარცხავამ გვითხრა, ფერდობზე 12 000-მდე მიწის ნაკვეთია რუსთაველებზე გაცემული. მისი თქმით, 1600-მდე მიწის ნაკვეთი კი 2008 წელს უკანონოდ გასხვისდა.

"ხელმოწერებს ვაგროვებთ 6 ინსტანციის სახელზე, პრემიერი, პრეზიდენტი, ქვემო ქართლის რწმუნებული, იუსტიციის მინისტრი, რადგან რეესტრი სწორედ მათ დაქვემდებარებაშია, პროკურატურისა და ქალაქის მერიის სახელზე.

პირველ რიგში ვითხოვთ სისტემურ რეგისტრაციას, ასევე იმ 1600 ნაკვეთის გარკვევას, განსაკუთრებით პროკურატურის მიერ. რადგან მიწის ნაკვეთები ნაწილობრივ ან სრულ ზედდებაშია სხვადასხვა პირების სახებზე.

ამ ადამიანებმა 2008 წელს შემოიერთეს და დაირეგისტრირეს მიწის ნაკვეთები, სადაც ზოგი რუსთაველის მიწის ნაკვეთი მოხვდა სრულად, ზოგის კი ნაწილობრივ. პატარა ფართებზე არაა საუბარი. 

მიწის ნაკვეთების ბევრმა მფლობელმა არც კი იცის, რომ მათი ნაკვეთები გასხვისებულია. იმისთვის რომ ეს გაიგონ, უნდა დაიწყოს ან სისტემური აზომვა, ან რეესტრში სპორადულით უნდა შეიტანონ განცხადება",- განგვიცხადა მარიამ ქვარცხავამ.

წერილი რუსთავში 4 მისამართზეა დატოვებული და აგროვებენ ხელმოწერებს:

1. მაღაზია "კალიბრი" - კოსტავას N23(კვირა დღეს დასვენებაა)

2. მაღაზია "ანასტასია" - ბათუმის ქუჩა N19

3. თონეში - მაჩაბლის N4

4. მაღაზია "ლა ბელე" - მესხიშვილის N11(სამუშაო საათები 11:00-დან 19:00-მდე)

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავი" კიდევ ერთხელ დაუკავშირდა საჯარო რეესტრს, გააცნო მიწის ნაკვეთების მფლობელების პრეტენზიები, იკითხა თუ დაწყებულია სისტემური რეგისტრაცია იაღლუჯის ფერდზე, მაშინ რა ფართის მიწაა აზომილი.

მათგან პასუხის მიღების შემდეგ მასალა განახლდება. 

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები