ფონიჭალაში 38 წლის კაცმა 34 წლის ცოლი მოკლა

2025-08-25 16:20:21

ზემო ფონიჭალაში 38 წლის კაცმა 34 წლის ცოლი მოკლა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვაი, კაცმა ქალს ბლაგვი საგნის გამოყენებით მრავლობითი დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1987 წელს დაბადებული ნ.ქ. დააკავეს.

დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 25 აგვისტოს, თბილისში, საცხოვრებელ ბინაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მეუღლეს - 1991 წელს დაბადებულ ა.კ.-ს, ბლაგვი საგნის გამოყენებით მრავლობითი დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

მიყენებული დაზიანებების შედეგად ახალგაზრდა ქალი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან მალევე დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის "კ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს",- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.