ქალმა ქორწილამდე რამდენიმე დღით ადრე საქმრო დაჭრა [video]
არსებული ინფორმაციით ქალი იმ სახლში მივიდა სადაც საქმრო ეგულებოდა და აღმოაჩინა რომ კაცი ბინაში სხვა ქალთან ერთად იმყოფებოდა. საცოლემ საქმროს დანით რამდენიმე ჭრილობა მუცლის არეში მიაყენა. ინციდენტის დროს ბრალდებულს თან ახლდა 2 ქალი რომლებიც კაცის მიმართ ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დააკავეს. ოჯახის ახლობლების თქმით წყვილის ქორწილი რამდენიმე დღეში უნდა გამართულიყო.
პოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე 3 პირი დააკავა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 3 პირი: 2000 წელს დაბადებული ნ.ა., 1994 წელს დაბადებული ა.ა. და 1982 წელს დაბადებული შ.ქ. დააკავეს.
დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, ქვემო ქართლის რეგიონში, ჯგუფურად იძალადეს ზ.ჯ.-ზე. ასევე, ნ. ა.-მ ცივი იარაღის გამოყენებით ზ.ჯ.-ს მუცლის არეში ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი ახალგზარდა შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით მოთავსებულია კლინიკაში.
სამართალდამცველებმა ნ.ა. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების, ხოლო ა.ა. და შ.ქ. ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით დააკავეს.
სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 126-ე მუხლებით მიმდინარეობს.