ცვლილებები სკოლებში უსაფრთხოების მიზნით

2018-02-05 11:27:47

საქართველოს სკოლებში შიდა და გარე პერიმეტრზე ვიდეოკამერების დამონტაჟება სავალდებულო გახდება.
"ზოგადი განათლების შესახებ" კანონში შესატან ცვლილებათა კანონპროექტის თანახმად, ვიდეოკამერები სკოლის მთელ ტერიტორიასა და გარე პერიმეტრს, უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით დაფარავს.

ხოლო იმ სკოლებში, სადაც კამერები უკვე არის, გადამოწმდება მათი დაფარვის არეალი და საჭიროების შემთხვევაში გაიზრდება კამერების რაოდენობა.

კიდევ ერთი ცვლილება მანდატურის სამსახურს შეეხება. კერძოდ, შინაგან საქმეთა და განათლების სამინისტროების მიერ მომზადებული კანონპროექტით, მანდატურად მხოლოდ უმაღლესი განათლების მქონე პირი დაინიშნება.

მანდატურები პროფესიული სწავლებისას კი თეორიულ მასალასთან ერთად პრაქტიკულ მომზადებასაც გაივლიან.

"დღეს მოქმედი კანონმდებლობით მანდატური შეიძლება გახდეს ზოგადი განათლების მქონე პირი, ცვლილების შემდეგ მანდატურად დაინიშნება მხოლოდ უმაღლესი განათლების მქონე პირი; მანდატურის სამსახურში მიღების ასაკი აიწევს 21 წლამდე; იცვლება მანდატურის პროფესიული მომზადების წესი, რომელიც თეორიულ მომზადებასთან ერთად პრაქტიკულ კომპონენტსაც გაითვალისწინებს. გაიზრდება მოსამზადებელი კურსის ხანგრძლივობა. კურსს შესაბამისი ექსპერტები გაუძღვებიან, რაც სწავლების მაღალ ხარისხს და მანდატურთა პროფესიულ ზრდას უზრუნველყოფს. ახალი კურსის შესაბამისად გადამზადებას მოქმედი მანდატურები ეტაპობრივად გაივლიან", - აღნიშნულია კანონპროექტში.

ახალი კანონპროექტი პარლამენტს უახლოეს მომავალში წარედგინება.

 

ავტორი: ირმა კურტანიძე