რამდენიმე თვეა რუსთავი-გარდაბნის დამაკავშირებელ გზაზე, მშენებელთა ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
ამ დროისთვის N16 სასჯელაღსრულების დაწესებულების მიმდებარე ტერიტორიიდან გზის ძველი საფარი მთლიანად მოხსნილია. საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" მარის არხში მცხოვრებლები და ის ადამიანები დაუკავშირდნენ, რომლებსაც გზის ამ მონაკვეთის ყოველდღიურად გავლა უწევთ.
მათი თქმით, სამუშაოები შეჩერებულია, გზაზე გადაადგილება კი დისკომფორტული და ავტომობილებისთვის საფრთხის შემცველი.
მოქალაქეებმა გვთხოვეს დავინტერესებულიყავით ამ საკითხით და გაგვერკვია, რატომ არის შეჩერებული სარეაბილიტაციო პროცესი.
რუსთავი-გარდაბნის გზაზე სამუშაოებს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ასრულებს. ჩვენ მათ მივმართეთ კითხვებით, რა ეტაპზე რეაბილიტაცია და როდის უნდა დასრულდეს.
დეპარტამენტში გვიპასუხეს: "რაც შეიძლება მალე მოწესრიგდება, მორწყვაც აქვს დავალებული კონტრაქტორს , რომ სამუშაოებმა ზედმეტი მტვერი არ გამოიწვიოს, გადაასწორებენ გზას ამ დღეებში , რომ მარტივად განვლადი იყოს, ხოლო უახლოეს პერიოდში დაიწყებენ ასფალტის დაგებას".