პირადობის ახალ მოწმობებზე QR კოდი და თითის ანაბეჭდი იქნება დატანილი

2025-07-22 11:04:59

1-ლი აგვისტოდან ახალი ვიზუალის პირადობის მოწმობებისა და პასპორტების გაცემა დაიწყება.

კერძოდ, მსგავს დოკუმენტებზე დიზაინის ცვლილების გადაწყვეტილება იუსტიციის სამინისტრომ 10 მარტს მიიღო. თავდაპირველად ცვლილება, 4 ივნისს უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა ივნისში სამინისტრომ გადაწყვიტა, რომ ეს ვადა 1-ელ აგვისტომდე გაეხანგრძლივებინა.

შესაბამისად, იუსტიციის სამინისტროს ბოლო გადაწყვეტილებით, 1-ლი აგვისტოდან დაიწყება განახლებული დიზაინის პირადობის ელექტრონული მოწმობის, ბიომეტრიული პასპორტის, ბიომეტრიული დიპლომატიური პასპორტისა და ბიომეტრიული სამსახურებრივი პასპორტის, დროებითი და მუდმივი ბინადრობის ელექტრონული მოწმობების, აგრეთვე, დროებითი საიდენტიფიკაციო ელექტრონული მოწმობის გაცემა.

აღსანიშნავია, რომ იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ახალი დიზაინის თანახმად, პირადობის მოწმობა უნდა შეიცავდეს: სახელს; გვარს; სქესს; მოქალაქეობას; დაბადების თარიღს; დაბადების ადგილს; პირად ნომერს; ფოტოსურათს; პირადი ხელმოწერის ნიმუშს; მოწმობის გამცემი ორგანოს დასახელებას; მოწმობის გაცემის თარიღს; მოწმობის მოქმედების ვადას; QR კოდს, რომლის მეშვეობით შესაძლოა გადამოწმდეს დოკუმენტის ან/და პირის შესახებ ინფორმაცია, მფლობელის თითის ანაბეჭდს.

რაც შეეხება საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიულ პასპორტებს, სამინისტროს გადაწყვეტილებით, ახალი დიზაინის პასპორტი და სამგზავრო დოკუმენტი უნდა შეიცავდეს შემდეგ რეკვიზიტებს: მფლობელის: სახელს; გვარს; მოქალაქეობას; დაბადების თარიღს; პირად ნომერს; ფოტოსურათს; სქესს; დაბადების ადგილს; პირადი ხელმოწერის ნიმუშს; გაცემის თარიღს; მოქმედების ვადას; გამცემი ორგანოს დასახელებას; დოკუმენტის ტიპის შესახებ მითითებას; ქვეყნის კოდს; დოკუმენტის ნომერს; დოკუმენტის წვდომის კოდს (CAN – Card Access Number)