პოლიციამ ”ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 20 პირი დააკავა

2025-07-17 20:24:45

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ”ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 20 პირი დააკავა, ხოლო 4 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა, მათ შორის ორი ”კანონიერი ქურდია”

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს, იმერეთისა და კახეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში, შიდა ქართლში, აჭარაში, გურიაში, იმერეთსა და კახეთში - 20 პირი დააკავეს, ხოლო 4 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა, მათ შორის 2 ”კანონიერი ქურდია”.

სამართალდამცველების მიერ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ სისხლის სამართლის დანაშაულში ბრალდებული პირები, პირადი სარგებლის მიღების მიზნით, მოქალაქეებს შორის არსებული ფინანსური დავების მოგვარებაში ერთვებოდნენ.

გამოძიებით, ასევე, დგინდება, რომ ბრალდებულებისა და მოდავე მხარეების მონაწილეობით, საქართველოსა და თურქეთის ტერიტორიაზე ე.წ. ქურდული გარჩევები ეწყობოდა, რომლებშიც საზღვარგარეთ მყოფი „კანონიერი ქურდები“ - თენგიზ ხოფერია მეტსახელად „ჭინკა“ და ირაკლი ლეჟავა მეტსახელად „ლაზარე“ მონაწილეობდნენ. დადგინდა, რომ ბრალდებულები ე.წ. ქურდული ტრადიციების შესაბამისად, გადაწყვეტილებებს იღებდნენ და ერთ-ერთ მოდავე მხარეს მეორის, ასევე, თავიანთ სასარგებლოდ თანხის გადახდას აკისრებდნენ. კონკრეტული ვადების დარღვევის შემთხვევაში კი ფიზიკური ანგარიშსწორებითა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ.

პოლიციამ, ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო კომპიუტერული ტექნიკა და მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და საზღვარგარეთ მყოფ კრიმინალურ ავტორიტეტებსა და „კანონიერ ქურდებს“ უკავშირდებოდნენ. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციის მიერ, ასევე, ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება და ცეცხლსასროლი იარაღები.

გამოძიება „კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს წევრობის“, „ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერის“, „ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვის“ და გამოძალვის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, 223-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით, 223-ე ტერცია მუხლის მე-2 ნაწილით, 223-ე კვარტა მუხლის პირველი ნაწილით და 181-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.