ევროპარლამენტის რეზოლუცია

2025-07-09 15:56:12

ევროპარლამენტი გმობს „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობით დე-ფაქტო საქართველოს პარლამენტის საგამოძიებო კომიტეტის მიერ პოლიტიკური ოპონენტების უკანონო დევნას, - ამის შესახებ აღნიშნულია რეზოლუციის ტექსტში, რომელიც ევროპარლამენტმა დღეს მიიღო.

ევროპარლამენტარები მიიჩნევენ, რომ კომისია არაპროპორციულად იღებს მიზანში იმ მთავრობის ქმედებებს, რომელმაც თორმეტ წელზე მეტი ხნის წინ დაასრულა თავისი მანდატი და ხაზს უსვამს "გამოძიების" პოლიტიკურ ხასიათს.

"აღნიშნავს, რომ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაშია 2012 წლიდან, მაგრამ საგამოძიებო კომიტეტი შექმნა ჭეშმარიტი ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობების პარალელურად; შეშფოთებით აღნიშნავს საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის განცხადებებს, რომელიც რუსულ ნარატივებს ავრცელებს, უმკაცრესად გმობს ზურაბ "გირჩი" ჯაფარიძის, მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის, გიორგი ვაშაძის, ნიკა მელიას, ნიკა გვარამიას და სხვა ოპოზიციური პოლიტიკოსების პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებებით დაკავებასა და გასამართლებას და ამ პირებს პოლიტიკურ პატიმრებად მიიჩნევს", - აღნიშნულია დოკუმენტში.

როგორც რეზოლუციაშია ნათქვამი, 2025 წლის შემოდგომაზე დაგეგმილი მუნიციპალური არჩევნები ჩატარდება გაუარესებულ სამართლებრივ გარემოში, რაც გამოწვეულია 2024 წლის დეკემბერში საქართველოს ორგანულ კანონსა და საარჩევნო კოდექსში ახალი ცვლილებების მიღებით და "ქართული რეჟიმის მიერ პოლიტიკური რეპრესიებისა და პოლიტიკური ოპონენტების დევნის გაძლიერებით".

"მიიჩნევს, რომ არსებული პოლიტიკური და სამართლებრივი პირობების გათვალისწინებით, მუნიციპალური არჩევნები უზარმაზარ გამოწვევებს უქმნის ნებისმიერ პოტენციურ მონაწილეს, რომელიც თავისუფალ და სამართლიან კონკურენციას ელის და რომ, გარდა ამისა, თვითგამოცხადებული ხელისუფლება ასეთ მონაწილეობას ახალი სტატუს კვოს აღიარებად გამოიყენებს; მიაჩნია, რომ ეს მომავალი არჩევნები არ წარმოადგენს შესაძლებლობას, ასახოს ქართველი ხალხის დემოკრატიული არჩევანი, თუ დაპატიმრებული და დაკავებული პოლიტიკური ოპოზიციის ლიდერები არ გათავისუფლდებიან და არჩევნები არ ჩატარდება გაუმჯობესებულ საარჩევნო გარემოში, რომელსაც ზედამხედველობას გაუწევს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი საარჩევნო ადმინისტრაცია, რათა უზრუნველყოფილი იყოს ნამდვილად სამართლიანი, თავისუფალი და გამჭვირვალე პროცესი", - აღნიშნულია რეზოლუციაში.

ევროპარლამენტი კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის პოზიციას, რომ "საქართველოში არსებული პოლიტიკური და კონსტიტუციური კრიზისის მოგვარება მხოლოდ ახალი საპარლამენტო არჩევნების გზით შეიძლება, რომელიც მომდევნო რამდენიმე თვეში უნდა ჩატარდეს გაუმჯობესებულ საარჩევნო გარემოში, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი საარჩევნო ადმინისტრაციის ზედამხედველობით და საერთაშორისო და დამოუკიდებელი ადგილობრივი დამკვირვებლების გულმოდგინე მონიტორინგით, რათა უზრუნველყოფილი იყოს ჭეშმარიტად სამართლიანი, თავისუფალი და გამჭვირვალე პროცესი, რომელიც ასახავს ხალხის ნამდვილ ნებას".

"ხაზს უსვამს, რომ არ ცნობს თვითგამოცხადებულ ხელისუფლებას, რომელიც "ქართული ოცნების" პარტიამ 2024 წლის 26 ოქტომბრის გაყალბებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ჩამოაყალიბა და საქართველოს არალეგიტიმური „ქართული ოცნების“ რეჟიმის მიერ დატყვევებულ სახელმწიფოდ მიიჩნევს; შესაბამისად, უარყოფს იმ ორგანოს მიერ მიღებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რომელმაც ქვეყანაზე კონტროლი დაამყარა, მათ შორის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, სისხლის სამართლის კოდექსსა და შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში ცვლილებების ნაჩქარევ მიღებას. სწუხს იმ ფაქტის გამო, რომ საქართველოს პარლამენტი არის ერთპარტიული პარლამენტი, რომელიც გაყალბებული არჩევნების საფუძველზე ჩამოყალიბდა, რაც შეუთავსებელია პლურალისტურ საპარლამენტო დემოკრატიასთან და ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნისგან მოსალოდნელ სტანდარტებთან; მიესალმება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში "ქართული ოცნების" უფლებამოსილების უარყოფას, რამაც საქართველოს დელეგაციის გაყვანა გამოიწვია. გმობს მმართველი პარტია "ქართული ოცნების" მიერ პოლიტიკური ოპონენტების დევნის მუდმივ მცდელობებს, მათ შორის უკანონო დაპატიმრებისა და დაკავების, მუქარისა და ფიზიკური თავდასხმების გზით; კიდევ ერთხელ მოუწოდებს პოლიტიკურად მოტივირებული მოქმედებების დასრულებისკენ, ასევე პოლიტიკური გარემოს გაუმჯობესებისა და ნდობისა და პარტიებს შორის დიალოგის აღდგენისკენ", - აღნიშნულია რეზოლუციაში.