ბათუმში 24 წლის ახალგაზრდის მკვლელობა სცადეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს და წერს, რომ აჭარის პოლიციამ განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1986 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ზ.კ. დააკავა.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ბათუმში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაწყებული დაპირისპირებისას, 2001 წელს დაბადებული ლ.ჩ ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიმალვას შეეცადა, რა დროსაც ის სამართალდამცველებმა შეაჩერეს და ბრალდებულის სახით დააკავეს. დაჭრილი ლ.ჩ. საავადმყოფოში მოათავსეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა.
პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო", - აცხადებს შსს.
მათივე ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19–108 -ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.