ჭიათურაში 7 მაღაროელი შიმშილობს

2025-07-04 17:11:12

მაღაროელი ტარიელ მიქაცაძე მშრალ შიმშილობაზე გადავიდა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, - ამის შესახებ მედიას ინფორმაცია მისმა მეგობარმა, ირაკლი ჯიქიძემ მიაწოდა. მისი თქმით, ტარიელ მიქაცაძესთან ერთად მშრალი შიმშილობა მირიან ლოლაძემაც დაიწყო.

"დღეს შიმშილობის მე-16 დღეა. ტარიელ მიქაცაძე მეორე დღეა მშრალ შიმშილობაზეა. ექიმებზე უარს ამბობს, ყველანაირ მედიკამენტზე უარს ამბობს. დიაბეტის ნიშნული აქვს ძალიან დაბლა ჩამოსული, რაც ძალიან კრიტიკულია ჯანმრთელობისთვის. დღეს აღარ გამოგვიძახებია სასწრაფო. ვურეკავთ, მოდიან, ეს უარს ამბობს. ძალიან მძიმე მდგომარეობაა დიაბეტიდან გამომდინარე. 6 მოშიმშილეა ჭიათურაში, სამს პირი აქვს ამოკერილი. ტარიელთან ერთად მირიან ლოლაძეა მშრალ შიმშილობაზე", - განაცხადა ირაკლი ჯიქიძემ.

ჭიათურაში უწყვეტი საპროტესტო აქციის 127-ე დღე და შიმშილობის მე-16 დღეა. ამ დროისთვის 7 ადამიანი შიმშილობს, 3 მათგანს პირი აქვს ამოკერილი. მოშიმშილეთაგან 2 ადამიანი მშრალ შიმშილობაზე იმყოფება.

პროტესტის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა დაკავებული ოთხი მაღაროელის გათავისუფლებაა.