რა დაავადებების გამო დაიღუპა ყველაზე მეტი ადამიანი საქართველოში გასულ წელს

2025-07-02 13:58:19

2024 წელს საქართველოში 43 971 ადამიანი გარდაიცვალა, რაც 1 215 ერთეულით (2.8%) მეტია 2023 წლის მაჩვენებელზე. ამის შესახებ მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვყენებს.

მათივე ცნობით, გარდაცვალების მიზეზებს შორის ჭარბობს სისხლის მიმოქცევის სისტემის დაავადებები და სიმსივნეები, რომლებზეც მოდის გარდაცვლილთა შესაბამისად, 41.3 პროცენტი და 13.0 პროცენტი.

"გარდაცვლილთა რაოდენობის პროცენტული განაწილება გარდაცვალების მიზეზების ძირითადი კლასების მიხედვით განსხვავებულია სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფებისათვის. 5 წლამდე ასაკის გარდაცვლილ ბავშვებში დომინირებს პერინატალურ პერიოდში აღმოცენებული დარღვევები. 5-39 წლის ასაკში ჭარბობს ტრავმები, მოწამვლები და გარეგანი მიზეზების ზემოქმედების სხვადასხვა შედეგები, რადგან აღნიშნული ასაკობრივი ჯგუფისათვის შედარებით მაღალია უბედური შემთხვევების ალბათობა, ხოლო 40 წლისა და უფროსი ასაკის მოსახლეობაში გარდაცვალების მიზეზებს შორის 2024 წელს დომინირებს სისხლის მიმოქცევის სისტემის ავადმყოფობები და სიმსივნეები", - აღნიშნულია "საქსტატის" ინფორმაციაში.

გთავაზობთ იმ 6 ძირითად მიზეზს, რის გამოც ყველაზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა ქვეყანაში 2024 წელს:

სისხლის მიმოქცევის სისტემის ავადმყოფობები - 18 159 ადამიანი;
კლინიკური და ლაბორატორიული გამოკვლევებით გამოვლენილი სიმპტომები, ნიშნები და გადახრები ნორმიდან, რომლებიც არ არის შეტანილი სხვა რუბრიკებში - 9 558 ადამიანი;
სიმსივნეები - 5 720 ადამიანი;
სასუნთქი სისტემის ავადმყოფობები - 3 641 ადამიანი;
ტრავმები, მოწამვლები და გარეგანი მიზეზების ზემოქმედების ზოგიერთი სხვა შედეგი - 1 826 ადამიანი;
საჭმლის მომნელებელი სისტემის ავადმყოფობები - 1 307 ადამიანი