დაგეგმილი რეაბილიტაციის გამო, მეტროსადგური „ვარკეთილი“ 12 ივლისიდან 45 დღით დაიკეტება.
ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, რეაბილიტაციის პროექტი მომზადდა შპს „პრობილდ ექსპერტის“ მიერ, უცხოელი სპეციალისტების ჩართულობით.
"როგორც იცით, მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რეკონსტრუქციისა და კაპიტალური რემონტის სამუშაოები გარკვეული ვადით შეფერხდა. აღნიშნული შეფერხების ძირითად მიზეზს წარმოადგენდა სადგურის მოსაცდელი ბაქნის ჭერზე არსებული აზბესტ-ცემენტის ფილების დემონტაჟის შედეგად, უშუალოდ რკინა-ბეტონის თაღის კონსტრუქციის მდგრადობის დამატებითი კვლევების აუცილებლობა, რაც მოთხოვნილი იყო ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ.
მოთხოვნილი კვლევების ფარგლებში, დამატებით განხორციელდა: მოსაცდელი დარბაზის რკინა-ბეტონის თაღის მთელ ზედაპირზე ბეტონისა და არმატურის მდგომარეობის ლაბორატორიული შესწავლა; თაღის მიღმა სივრცეების სრული გეო-ტექნიკური სკანირება; საესკალატორო გვირაბში თუჯის სამაგრი დეტალების მდგომარეობის შესწავლა და სხვა; კვლევების შედეგების საფუძველზე მომზადდა რკინა-ბეტონის კონსტრუქციების რეაბილიტაციის პროექტი, რომელიც მოიცავს შემდეგ ძირითად სამუშაოებს: ჭერის კოროზირებული/დაზიანებული ზედაპირების გაწმენდა და დამუშავება; თაღის მიღმა არსებული სიცარიელეების შესაბამისი ტექნიკური ხსნარებით შევსება/დაჭირხვნა; თაღის ტემპერატურული ღარების/ნაკერების ჰერმეტიზაცია მიწისქვეშა წყლების ჟონვის პრევენციისათვის. დახრილ საესკალატორო გვირაბში თუჯის სამაგრი დეტალების რეაბილიტაცია“, - განაცხადა თბილისის მერმა.
მისივე თქმით, აღნიშნული სადგურის მთლიანი სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება ნოემბერ-დეკემბერშია დაგეგმილი.