რუსთავის სასაფლაოების მიმდებარედ არსებულ ნაგავსაყრელზე მესამე დღეა ხანძრის შედეგად მხრჩოლავი კერებია დარჩენილი.
მოქალაქეები სოციალურ ქსელში წერენ, რომ ახლომდებარე დასახლებებში გაუსაძლისი სუნი დგას.
"მეორე დღეა ნაგავსაყრელს ცეცხლი უკიდია, ჰაერი არ არის. ფერფლით არის სავსე ეზო და საშინელი სუნი დგას", - წერენ სოციალური ქსელის მომხმარებლები.
"ინფო რუსთავი" იმის გარკვევის მიზნით, თუ რა სამუშაოები მიმდინარეობს მხრჩოლავი კერების დასამუშავებლად, იმყოფებოდა იმ ადგილზეც, სადაც 3 დღის წინ საკმაოდ მასშტაბური ხანძარი გაჩნდა.
კომპანიის წარმომადგენლებმა, რომელთა მფლობელობაშიცაა ეს ტერიტორია, განგვიცხადეს, რომ წყლით მხრჩოლავი კერების ქრობა ვერ ხერხდება, აქედან გამომდინარე, შესაბამისი სამსახურების რეკომენდაციით, ადგილზე მძიმე ტექნიკა მუშაობს და მიმდინარეობს ღია კერებზე მიწის დაყრა.
როგორც კომპანიის წარმომადგენლებმა გვითხრეს, ნაგავსაყრელზე ნარჩენებთან ერთად, ხის მასალაც იყო დაყრილი, რამაც აღნიშნული სამუშაოები გაართულა.
ადგილზე იმყოფებოდა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის სამსახურიც.
"გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველის თანამშრომლებმა პატრულირებისას შენიშნეს რუსთვის სასაფლაოების მიმდებარედ გაჩენილი ხანძარი და დაუყოვნებლივ მივიდნენ ადგილზე, სადაც სამაშველო იყო მისული და აქრობდა ცეცხლს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ტერიტირია დაათვალიერეს. სამართალდამრღვევი არ გამოვლინდა", - აცხადებენ იწყებაში.