მოსამართლეების ანაზღაურების წესი იცვლება, - აღნიშნული კანონპროექტი პარლამენტში უკვე ინიცირებულია. კერძოდ, ცვლილებები შეტანა იგეგმება "საერთო სასამართლოების შესახებ" ორგანულ კანონში.
პროექტის თანახმად, გაიზრდება როგორც უზენაესი, ისე სააპელაციო, საქალაქო და რაიონული მოსამართლეების თვიური თანამდებობრივი სარგო.
ინფორმაციისთვის, მოსამართლეების თანამდებობრივი სარგო კოეფიციენტების მიხედვით განისაზღვრება. მაგალითისთვის, ყველაზე მაღალი 10 კოეფიციენტით შეფასებულია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოზიცია.
შეგახსენებთ, რომ "საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად სახელმწიფო ბიუჯეტით ყოველწლიურად განისაზღვრება საბაზო თანამდებობრივი სარგო, რაზეც მრავლდება თითოეული საბიუჯეტო ორგანიზაციის საშტატო განრიგით განსაზღვრული კოეფიციენტი და შესაბამისად განისაზღვრება საჯარო მოხელის ყოველთვიური ანაზღაურება.
2025 წელს საბაზო თანამდებობრივი სარგო 1 460 ლარის ოდენობით არის განსაზღვრული. შესაბამისად, კანონში დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თვიური თანამდებობრივი სარგო 14 600 ლარს გაუტოლდება (საშემოსავლოს გამოკლებით ეს თანხა 11 680 ლარი იქნება).
აღსანიშნავია, რომ ცვლილებების შედეგად, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ანაზღაურება გაუთანაბრდება სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირების სარგოს, როგორებიც არიან - პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, რომელთა ანაზღაურებაც ასევე ყველაზე მაღალი 10-კოეფიციენტით გამოითვლება.
კანონპროექტით განსაზღვრული კოეფიციენტების დათვლის შედეგად გამოდის, რომ მოსამართლეთა თვიური სარგო ცვლილებების განხორციელების შემდეგ, ასეთი იქნება:
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე – 14 600 ლარი;
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე – 13 432 ლარი;
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე – 13 140 ლარი;
უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, რომელსაც არ უკავია ზემოთაღნიშნული ადმინისტრაციული თანამდებობა უზენაეს სასამართლოში – 12 410 ლარი;
სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე – 12 264 ლარი;
სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე – 12 118 ლარი;
სააპელაციო სასამართლოს პალატის (კოლეგიის) თავმჯდომარე – 11 972 ლარი;
სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე, რომელსაც არ უკავია ზემოთაღნიშნული ადმინისტრაციული თანამდებობა სააპელაციო სასამართლოში – 11 826 ლარი;
თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე - 11 972 ლარი;
სხვა რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარე – 11 388 ლარი;
თბილისის საქალაქო სასამართლოს კოლეგიის თავმჯდომარე - 11 388 ლარი;
სხვა რაიონული (საქალაქო) სასამართლოს კოლეგიის თავმჯდომარეები – 10 950 ლარი;
რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე/მაგისტრატი მოსამართლე, რომელსაც არ უკავია ზემოთ აღნიშნული ადმინისტრაციული თანამდებობა რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში – 10 512 ლარი.
აღსანიშნავია ისიც, რომ ხელფასების გარდა, "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონში ცვლილებები ეხება სხვა მიმართულებებსაც. უფრო დეტალურად: კანონში დაგეგმილი ცვლილებებით, სასამართლოს შენობაში, დარბაზსა და ეზოში ფოტო-ვიდეო გადაღება და ტრანსლაცია დაუშვებელი იქნება. გადაღების უფლებამოსილება სასამართლოს ან სასამართლოს მიერ უფლებამოსილ პირს ექნება. ამასთან, საკანონმდებლო პაკეტის თანახმად, სასამართლოში რიგ პოზიციებზე განწესებულ მოსამართლეთა უფლებამოსილების ვადები იზრდება. გარდა ამისა, ცვლილებებით დაგეგმილია საქალაქო სასამართლოს მოსამართლეთა დაწინაურების პროცედურის გამარტივებაც.
ცნობისთვის, ცვლილებების ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, ალუდა ღუდუშაური, თენგიზ შარმანაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, აკაკი ალადაშვილი. ინიციატორები ითხოვენ, რომ ცვლილებები დაჩქარებული წესით - 27 ივნისს საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე იქნას განხილული.