რუსთავის მუნიციპალიტეტში ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამების განხორციელება გრძელდება.
აუტიზმის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის დაფინანსება
"ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია რუსთავში მცხოვრები და რეგისტრირებული აუტიზმის მქონე ბავშვების (შემდგომში – ბენეფიციარი) საზოგადოებაში ინტეგრაციის მიზნით შემეცნებითი, თვითმოვლის, მოტორული, სოციალური განვითარების და კომუნიკაციური უნარების განვითარების ხელშეწყობა.
ქვეპროგრამით მოსარგებლეები არიან, დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკატორის ( ICD-10) მიხედვით, განვითარების ზოგადი აშლილობის ჯგუფის (F84.0-F84.9) დიაგნოზის მქონე 2-დან 18 წლამდე ასაკის მქონე ბავშვები. ქვეპროგრამის მოსარგებლისათვის გათვალისწინებულია:
ა) ბაზისური – თვეში არაუმეტეს 20 სეანსის მიწოდება, თითოეული სეანსის ხანგრძლივობა შეადგენს 1 საათს, ინდივიდუალური განვითარების გეგმის შესაბამისად. თვეში 20 საათის განსაზღვრის შემთხვევაში, გამოყენებითი ქცევითი ანალიზის თერაპიის სეანსების მინიმალურმა რაოდენობამ უნდა შეადგინოს სეანსების საერთო რაოდენობიდან არანაკლებ 12 სეანსი;
ბ) მშობლის არჩევით, ქვეპროგრამით მოსარგებლისთვის სეანსების მიწოდება ინდივიდუალური განვითარების გეგმის შესაბამისად, როდესაც მშობელს უფლება აქვს, თავად აირჩიოს თერაპიების სახე ბავშვის საჭიროებების გათვალისწინებით;
განსაკუთრებულ შემთხვევაში, როცა შეუძლებელია სეანსის ჩატარება ობიექტური გარემოებების გათვალისწინებით, შესაძლებელია სრულად ან ნაწილობრივ სეანსების რაოდენობა განაწილდეს შემდეგ თვეებზე. სავალდებულოა ქალაქ რუსთავში რეგისტრაცია განცხადებით მომართვამდე არანაკლებ 2 წლის განმავლობაში უწყვეტად (წყვეტის შემთხვევაში რეგისტრაცია არ უნდა ფიქსირდებოდეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებს გარეთ).
გამონაკლისს წარმოადგენენ დევნილები, რომელთაც მოეთხოვებათ ქალაქ რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში მიწერილობა. ასევე, თუ პროგრამით მოსარგებლე პირის მშობელს აქვს 2-წლიანი უწყვეტი რეგისტრაცია (წყვეტის შემთხვევაში რეგისტრაცია არ უნდა ფიქსირდებოდეს ქალაქ რუსთავის ადმინისტრაციული საზღვრების გარეთ), ხოლო პროგრამით მოსარგებლე პირს უფიქსირდება აქტიური რეგისტრაციის სტატუსი ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში.
გამონაკლისი ვრცელდება პირებზეც, რომლებიც იმყოფებიან მინდობით აღზრდაში და უფიქსირდებათ აქტიური რეგისტრაცია ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში", - ნათქვამია რუსთავის მერიის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
გონებრივი განვითარების დაყოვნების, ცერებრული დამბლით დაავადებული და დაუნის სინდრომის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის დაფინანსება
"ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ქალაქ რუსთავში მცხოვრები და რეგისტრირებული (განცხადების მომართვამდე არანაკლებ 2 წლის განმავლობაში) გონებრივი განვითარების დაყოვნების, ცერებრული დამბლის და დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების (შემდგომში ბენეფიციარი) საზოგადოების ინტეგრაციის მიზნით შემეცნებითი, თვითმოვლის, კომუნიკაციური და ფიზიკური უნარების ხელშეწყობა.
ქვეპროგრამით მოსარგებლე კატეგორიას განეკუთვნება გონებრივი განვითარების დაყოვნების, ცერებრული დამბლის და დაუნის სინდრომის (ICD-10-ით განსაზღვრული კლასიფიკატორები – R62, G80, Q90) მქონე ბავშვები (შემდგომში ბენეფიციარი). R62-ის შემთხვევაში ასაკი განისაზღვრება 0 დან 15 წლამდე, ხოლო G80 და Q90-ის შემთხვევაში 0-დან 18 წლამდე. ბენეფიციარი, რომელსაც დადგენილი აქვს ICD 10-ით განსაზღვრული კლასიფიკატორი-R62 დაფინანსდება წლიურად არაუმეტეს 2000 ლარის ოდენობით (თვეში ასანაზღაურებელი თანხა შეადგენს არაუმეტეს 189.00 ლარს), ხოლო ბენეფიციარი, რომელსაც დადგენილი აქვს ICD 10-ით განსაზღვრული კლასიფიკატორი- G80, Q90 დაფინანსდება წლიურად არაუმეტეს 1000.00 ლარის ოდენობით.
R62-ის შემთხვევაში, ბენეფიციარი არ უნდა იყოს ჩართული "ბავშვთა ადრეული განვითარების ხელშეწყობის" ან "ბავშვთა რეაბილიტაცია/აბილიტაციის" სახელმწიფო პროგრამებში. აღნიშნული პროგრამებით სარგებლობის შემთხვევაში(სსიპ "სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციით) ბენეფიციარს მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან უწყდება ქვეპროგრამით დაფინანსება.
G80 დ Q90-ის შემთხვევაში, პროგრამა ითვალისწინებს აგრეთვე საკურორტო-სარეაბილიტაციო მომსახურებას. სავალდებულოა ქალაქ რუსთავში რეგისტრაცია განცხადებით მომართვამდე არანაკლებ 2 წლის განმავლობაში უწყვეტად (წყვეტის შემთხვევაში რეგისტრაცია არ უნდა ფიქსირდებოდეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებს გარეთ). გამონაკლისს წარმოადგენენ დევნილები, რომელთაც მოეთხოვებათ ქალაქ რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში მიწერილობა", - ნათქვამია გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.