რუსთავის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის წინამძღვრის, დეკანოზ რევაზ ტუღუშის თქმით, კომპანიამ, რომელმაც მესხიშვილის ქუჩაზე, ტაძრის გვერდით ახალი სავაჭრო ცენტრი და საცხოვრებელი კომპლექსი ააშენა, მომიჯნავე ღობის დემონტაჟი მათთან ყოველგვარი შეთანხმების გარეშე განახორციელა. [ვიდეო/video]
"უკიდურესად ვართ აღშფოთებულნი, რადგან ყოვლად შეუთანხმებლად მოხდა ეს ყველაფერი. მიმდინარეობს კონკრეტული მშენებლობა და დღეს არსებული კანონმდებლობითა თუ მოქმედი ნორმებით, ყველაფერი საჭიროებს გარკვეულ ნებართვას. აქ იყო განთავსებული რკინა-ბეტონის კონსტრუქციები კაპიტალური ღობის გასაკეთებლად, რომელიც, როგორც ვხედავთ, დღეს არის დანგრეული და განადგურებული. უბრალოდ გვაინტერესებს, ვინ მიიღო გადაწყვეტილება, აქ არსებული რკინა-ბეტონის კონსტრუქციების დემონტაჟისა და განადგურების შესახებ", - აცხადებს სასულიერო პირი.
საწინააღმდეგოს ამტკიცებენ კომპანია "რუსთაველი ჯგუფის" წარმომადგენლები, რომლებიც ამ ეტაპისთვის, კომპლექსის ტერიტორიაზე კინოთეატრ "კავეას" მოწყობის სამუშაოებს ახორციელებენ.
კომპანიაში საქმის წარმოებლის, გიორგი კაპანაძის თქმით, ღობის მოწყობა ყველანაირი ნებართვის დაცვით, კანონის ფარგლებში, მათ კუთვნილებაში არსებულ მიწაზე ხდება.
"რაღაც ფრაგმენტებით იყო აწყობილი და იყო ჩვენს მხარეს. წითელი ხაზები გავავლეთ და წითელი ხაზების შიგნით დარჩა. მამაოსთან მივედით და ვუთხარით, რომ გვინდა ღობე გავაკეთოთ და წამოვედით გასაკეთებლად. ნებართვა გვაქვს ჩვენ უკვე აღებული და მამაო უბრალოდ საქმის კურსში ჩავაყენეთ. ჩვენს მხარესაა, წითელი ხაზების შიგნითაა. სადაც ღობე ავიღეთ და ვაკეთებთ ახალს, საპატრიარქოს ტერიტორია არ არის, არის ჩვენი ტერიტორია. რაც შეეხება ძველი ღობის აღდგენას, როგორც მამაო გვეტყვის, ისე გავაკეთებთ და იმაზე მეტსაც გავაკეთებთ. ძველი იმავე ადგილზე არ აღდგება იმიტომ, რომ ჩვენს მხარეს იყო და უკან გავუკეთებთ, არ არის პრობლემა", - აცხადებს კომპანიის წარმომადგენელი.
დამატებით დეტალებისთვის ნახეთ ვიდეო.