სოციალურ ქსელ "Facebook-ზე" გავრცელდა უსაფრთხოების კამერების ჩანაწერი რუსთავის ერთ-ერთი ბაღიდან, რომელშიც აღბეჭდილია, რომ სამი აღსაზრდელი კარადას დაეკიდა, რის შემდეგაც კარადა გადმოყირავდა და ბავშვები მოიყოლა. [ვიდეო/video]
კადრებში ნათლად ჩანს, რომ გადმოყირავების მომენტში აღმზრდელმა ადგილზე მისვლა მიასწრო და გადმობრუნებული კარადის დაჭერა შეძლო.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ეს კადრები კერძო ბაღ "ბეღურებშია" გადაღებული.
ჩვენ დავუკავშირდით სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებას, სადაც განგვიცხადეს, რომ შემთხვევის დროს არცერთი აღსაზრდელი არ დაშავებულა და ყველანი კარგად გრძნობენ თავს.
"ბავშვები კარგად არიან, არავინ არ დაშავებულა. ბავშვები დაეკიდნენ კარადას და გადმოვარდა. ეს იყო ბაგას ჯგუფი, ორ წლიანების. ბაღს აკონტროლებს უსაფრთხოების სამსახური, რისი დოკუმენტაციაც ბაღს აქვს. კარადა კედელზე მიმაგრებული არ ყოფილა, მას კარი არ აქვს, ღია ტიპის თარო არის და უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე რაიმე გაფრთხილება, რომ მსგავსი კარადები უნდა იყოს მიმაგრებული არ გვაქვს",- განგვიცხადა ბაღის მენეჯერმა.
შემთხვევა ბაღში რამდენიმე დღის წინ მოხდა.