სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლით, საბაჟოზე საკვებად უვარგისი ბატატის და დაავადებული ქათმის გაყინული ხორცი შეაჩერეს.
ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
მათი ცნობით, „ფოთისა და ყულევის პორტები და ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონაში“, გერმანიიდან და ეგვიპტიდან შემოტანილი ქათმის გაყინული ხორცით და ტკბილი კარტოფილით (ბატატი) დატვირთული ავტოსატრანსპორტო საშუალებები შეაჩერეს.
"კანონმდებლობით გათვალისწინებული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის პროცედურების განხორციელებისას, კერძოდ, ფიზიკური შემოწმების/დათვალიერების დროს ტკბილი კარტოფილის 70% საკვებად უვარგისი აღმოჩნდა, რის შედეგადაც ტვირთი სრულ განადგურებას დაექვემდებარა.
ამასთან, საბაჟო კონტროლის ფარგლებში, 27 000 კილოგრამი ქათმის გაყინული ხორციდან აღებულ ნიმუშებში, ლაბორატორიული კვლევის შედეგად, პათოგენური მიკროორგანიზმი - სალმონელა გამოვლინდა.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 სექტემბრის №463 დადგენილების შესაბამისად, აღნიშნული საქონელი (გაყინული ქათმის ხორცი) ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.