სუპერმარკეტ "კარფურში" დამზადებული ქათმის სენდვიჩით 16 ადამიანი მოიწამლა.
მოქალაქეებმა პროდუქტი 21 იანვარს "თბილისი მოლში" მდებარე "კარფურის" მაღაზიაში შეიძინეს.
პირველი პაციენტი სამედიცინო დაწესებულებაში ქათმის სენდვიჩის საკვებად მიღებიდან 8-10 საათის შემდეგ მოხვდა. დანარჩენმა პირებმა კი ინფექციური პათოლოგიის ცენტრს 22 იანვარს დღის სხვადასხვა მონაკვეთში მიმართეს.
პაციენტებს გულისრევის შეგრძნება, მსუბუქი ღებინება და ფაღარათი აღენიშნებოდათ. ამ დროისთვის მოწამლულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მათი ნაწილი ბინაზე უკვე გაეწერა.
შეგახსენებთ, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ „თბილისი მოლში“, „კარფურში“ არსებულ სენდვიჩების განყოფილებას საწარმოო პროცესი გუშინ შეუჩერა.
"სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურმა ბიზნესოპერატორის არაგეგმური ინსპექტირება რამდენიმე პირის შესაძლო საკვებისმიერი ინტოქსიკაციის შესახებ დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრიდან მიღებული შეტყობინების საფუძველზე ჩაატარა. შემოწმებისას გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობა. ბიზნესოპერატორს საწარმოო პროცესი შეუსაბამობის აღმოფხვრის შემდეგ აღუდგება." - აღნიშნულია სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
ავტორი: ირმა კურტანიძე