გმირთა მოედნის მიმდებარედ საავტომობილო მოძრაობა დროებით იზღუდება

2025-03-15 18:46:31

თბილისის მერიის ინფორმაციით, გმირთა მოედანსა და "ლაგუნა ვერეს" მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 17 მარტიდან 19 მარტის ჩათვლით, ღამის საათებში, საავტომობილო მოძრაობა გზის სხვადასხვა მონაკვეთებში სრულად შეიზღუდება.

მათი ცნობით, კერძოდ, 17 მარტის 00:00 საათიდან 08:00 საათამდე საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება, მერაბ კოსტავას ქუჩაზე მდებარე საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმდებარე ტერიტორიიდან, მტკვრის მარჯვენა სანაპიროს მიმართულებით გამსვლელ გვირაბში. ავტომობილები მარჯვენა სანაპიროს მიმართულებით გადაადგილებას შეძლებენ გმირთა მოედნის გავლით.

18 მარტის 00:00 საათიდან 08:00 საათამდე, საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორიიდან, მტკვრის მარჯვენა სანაპიროსკენ მიმავალი მიმართულებით. მტკვრის მარჯვენა სანაპიროსკენ მიმავალი ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმდებარე ტერიტორიიდან გვირაბის გავლით.

19 მარტის 00:00 საათიდან 08:00 საათამდე, საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება, გმირთა მოედნიდან და თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის მხრიდან, მერაბ კოსტავას ქუჩის გავლით, ვარაზისხევისკენ მიმავალი მიმართულებით.

რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, აღნიშნულ ტერიტორიაზე მოძრავი N534 მიკროავტობუსი ვარაზისხევის საშუალებით დაუკავშირდება რუსთაველის გამზირს და მგზავრთა მომსახურებას ბარათაშვილის ქუჩით განაგრძობს.