საწარმო "რუსთავის აზოტის" თანამშრომელთა ნაწილი გაიფიცა.
როგორც მშრომელები აცხადებენ, ისინი ხელფასების ფიქსირებული თანხით, 500 ლარით ზრდას ითხოვენ.
მშრომელების თქმითვე, მანამ, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, არ აპირებენ სამუშაო ადგილებზე დაუბრუნებას.
"დიდი ხანია დგას მოთხოვნა ხელფასების მატებასთან დაკავშირებით. ადმინისტრაციამ შემოგვთავაზა, რომ მოგვიმატებდნენ ისეთ თანხას, რომელიც ძალიან მიუღებელი იყო ჩვენთვის. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვუთხარით, რომ ეგ თანხა არის ძალიან მცირე და არ ვართ თანახმა. მათგან ბოლო სიტყვა იყო, რომ სამშაბათს უნდა შემდგარიყო მოლაპარაკება, მაგრამ დღეს დაიწყეს ხალხთან სათითაოდ დარეკვა და შეთანხმება, რომ აი ამდენს მოგიმატებთ, რაც ჩემი პირადი აზრით, დამამცირებელი ვაჭრობაა. არასწორია, ამხელა წარმოებაში ადამიანს უთხრა, რომ შენ თუ გინდა, ამდენს მოგიმატებ, შენ კი არ მოგიმატებ.
ამიტომ, დღევანდელი შეკრება არის გამაფრთხილებელი. ის, რომ აქ მცირე რაოდენობის ხალხი დგას, იმას არ ნიშავს, რომ ეს მხოლოდ ჩვენი მოთხოვნაა. ეს არის მთელი საწარმოს მოთხოვნა, რა თქმა უნდა. მოულოდნელად შევიკრიბეთ დღეს, დაანონსებაც ვერ მოვასწარით ნორმალურად. გვინდოდა მოსულიყვნენ და პასუხი გაეცათ, მაგრამ როგორც თავად ხედავთ, ადმინისტრაციიდან არავინ არ გამოდის", - აცხადებს ერთ-ერთი დასაქმებული.
"ინფო რუსთავი" ცდილობს, დაუკავშირდეს საწარმო "რუსთავის აზოტს". მათგან პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.