6 წლის ბავშვი გარდაიცვალა

2018-01-22 16:25:12

მენინგოკოკქცემიის დიაგნოზით იაშვილის კლინიკაში 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა. მოზარდი მარნეულის "ავერსის" კლინიკიდან გაიყვანეს იაშვილის კლინიკაში, სადაც ბავშვს ექიმებმა მენინგოკოქცემიის დიაგნოზი დაუსვეს.

„ინფო რუსთავი“ იაშვილის კლინიკას დაუკავშირდა და დეტალების შესახებ შეიტყო.

„ბავშვი შემოიყვანეს 18 იანვრის დილას დაახლოებით 7-ის ნახევარზე. ბავშვი შემოყვანისთანავე შოკურ მდგომარეობაში იმყოფებოდა და  კანზე მასობრივად ჰქონდა სისხლჩაქცევები. მოთავდა კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში და ჩაუტარდა მკურნალობა, მაგრამ 25 საათის შემდეგ გარდაიცვალა. დიაგნოზი - მენინგოკოქცემია.  ეს  მენინგოკოქცემიის პირველი შემთხვევა იყო.“ ,- განაცხადა იაშვილის კლინიკის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა.

„ინფო რუსთავი“, ასევე, ესაუბრა მარნეულის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელს, ეთერ ლაფერაძეს. მისი თქმით, ეს წელს მარნეულში მენინგოკოქცემიის პირველი შემთხვევაა და  ეპიდემიის საფრთხეზე საუბარი სრულიად უსაფუძვლოა.

 „ ბავშვი მარნეულის „ავერსის“ კლინიკიდან „დაუზუსტებელი შოკის“ დიაგნოზით კატასტროფის ბრიგადამ გადაიყვანა იაშვილის კლინიკაში. ეს მარნეულის მუნიციპალიტეტში წელს მენოინგოკოქცემიის პირველი შემთხვევა იყო. ეპიდემიის გავრცელების საშიშროება არ არსებობს. ეპიდემიაზე საუბრი იწყება მაშინ, როდესაც სამი ან მეტი შემთხვევა ფიქსირდება“,-განაცხადა ეთერ ლაფერაძემ.

არსებული ინფორმაციით,  პრევენციის მიზნით სკოლაში, რომელშიც 7 წლის მოზარდი სწავლობდა, უკვე ჩატრადა პროფილაქტიკური სამუშაოები.