"ოქროს ფასი მორიგ რეკორდებს ხსნის"

2025-02-11 16:38:41

ოქრო გაძვირდა.

როგორც "ინფო რუსთავს" თბილისის "ოქროს ბირჟაზე" მოვაჭრეებმა უთხრეს, 2025 წლის დაწყების შემდეგ, ძვირფასი ლითონის ნაკეთობებზე ფასმა მნიშვნელოვნად მოიმატა.

მოვაჭრეების თქმით, მაღალი სინჯის გრამი ოქროს ფასი 190 ლარამდე ადის, როცა მისი ღირებულება, დაახლოებით 2 თვის წინ, 155-165 ლარი იყო.

რაც შეეხება ბაჯაღლოს ტრადიციულ რგოლებს, გრამი ბაჯაღლო 2 თვის წინ საშუალოდ 235-245 ლარი ღირდა, ახლა კი მის შეძენას 260 ლარზე ნაკლებად ვერ შეძლებთ.

აღსანიშნავია, რომ ოფიციალური მონაცემებით, მსოფლიო ბირჟაზე ოქროს ფასი მორიგ რეკორდულ მაჩვენებლამდე გაიზარდა. თბილისის დროით 12:00 საათზე 1 უნციაზე ოქროს ღირებულება 2 914 დოლარი შეადგინა, რაც ერთთვიან ჭრილში 9.29%-იან ზრდაზე მიანიშნებს. ამასთან, ერთწლიან ინტერვალში ოქრო უკვე თითქმის 44%-ით არის გაძვირებული.

Trading Economics-ის ინფორმაციით, ოქროს ფასის ზრდა მზარდმა სავაჭრო დაძაბულობამ და გაურკვეველმა ეკონომიკურმა ფონმა განაპირობა. აღნიშნული, პირველ რიგში, გამოწვეულია აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ ალუმინსა და ფოლადზე იმპორტის 25%-იანი გადასახადების დაწესებას. ამასთანავე, ტრამპმა დააანონსა დამატებითი ტარიფების დაწესება, რაც ბირჟებზე გაურკვეველ გარემოს ქმნის.

გარდა ამერიკის ფაქტორისა, ძვირფას მეტალზე ფასების ზრდა განაპირობა ჰამასსა და ისრაელს შორის კონფლიქტის კვლავ დაძაბვამ. კერძოდ, ჰამასმა შეაჩერა მძევლების გათავისუფლება, ღაზაში ისრაელის მიერ ცეცხლის შეწყვეტის სავარაუდო დარღვევის მოტივით, რაც კონფლიქტის განახლების რისკებს ზრდის.

გარდა გეოპოლიტიკური რისკებისა, გამოცემის ცნობით, ოქროს ფასების ზრდას ხელს უწყობს Fed-ის მიერ განაკვეთის შემცირების მოლოდინები.