სამოქალაქო აქტივისტების სახლებში პოლიცია ჩხრეკას ატარებს.
აღნიშნულის შესახებ ისინი სოციალურ ქსელში თავად წერენ.
კერძოდ, სამოქალაქო აქტივისა და „ფეისბუქ“ ჯგუფის, „დაიტოვეს“ დამფუძნებლების, ქრისტინე ბოტკოველისა (ნენსი ვოლანდი) და ილია ღნოლტის სახლებში სამართალდამცველები ამ წუთებშიც იმყოფებიან.
„ჩემს კართან მოვიდა პოლიცია, კარს თუ არ გააღებთ იძულებით შემოვალთო“, - დაწერა ბოტკოველმა სოციალურ ქსელში.
საგამოძიებო მოქმედებებს ადვოკატი შოთა თუთბერიძე ესწრება.
ჩხრეკა მიმდინარეობს სამოქალაქო აქტივისტი ისაკო დევიძეს სახლშიც.
დის ინფორმაციით, ისაკო დევიძე სამართალდამცავებმა დააკავეს.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შსს-ში განუცხადეს, დევიძე ადმინისტრაციული წესით დააკავეს - 173-ე მუხლით, რაც პოლიციელისადმი წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.
სამოქალაქოს აქტივისტების სახლებში ჩხრეკასთან დაკავშირებით ინფორმაცია გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომაც.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტში, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ჯგუფური მოქმედების ორგანიზების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით და 226-ე მუხლით დაწყებული გამოძიების ფარგლებში, სამართალდამცველები თბილისის მასშტაბით, სხვადასხვა ლოკაციაზე ატარებენ საგამოძიებო მოქმედებებს, მათ შორის საგამოძიებო ღონისძიებების ფარგლებში მოსამართლის განჩინების საფუძველზე ხორციელდება საქმესთან შემხებლობაში მყოფი პირების პირადი და სახლების ჩხრეკა“, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.