ჩვილ ბავშვთა დახმარების პროგრამა - მიმღებთა წრე გაიზარდა

2025-01-30 12:42:27

2025 წლიდან რუსთავის მერია ჩვილ ბავშვთა დახმარების პროგრამას ცვლილებებით აგრძელებს.

ცვლილებების ფარგლებში, იმ პირთა წრე, რომლებიც სოციალური პროგრამით ისარგებლებენ, გაიზარდა. 

ქალაქის მერიის ვებ. გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ დახმარებას მიიღებენ:

"ა) ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული/მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე სოციალურად დაუცველი ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულა არის 65 000-დან 150 001-მდე. პროგრამა ითვალისწინებს ბავშვთა ხელოვნური კვების დაფინანსებას 100 ლარის ოდენობით, ყოველთვიურად, 1 წლის ასაკამდე;

ბ) ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული/მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე სოციალურად დაუცველი ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულაა 100 001-მდე. პროგრამა ითვალისწინებს 1 წლამდე ბავშვთა ჰიგიენური ნივთების და სხვა პირველადი მოვლის საშუალებების შესაძენად საჭირო თანხის დაფინანსებას ერთჯერადად 400 ლარის ოდენობით;

გ) კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახები. დაფინანსების მოცულობა განისაზღვრება სოციალური მუშაკის შეფასების საფუძველზე;

დ) მინდობით აღზრდაში მყოფი 2 წლამდე ასაკის ბავშვი. პროგრამა ითვალისწინებს ბავშვთა ხელოვნური კვების დაფინანსებას 200 ლარის ოდენობით, ყოველთვიურად, და ჰიგიენური ნივთების და სხვა პირველადი მოვლის საშუალებების შესაძენად საჭირო თანხის დაფინანსებას საბიუჯეტო წლის განმავლობაში ერთჯერადად 400 ლარის ოდენობით".

სოციალურ პროგრამაში ცვლილებები ქალაქის საკრებულომ დაამტკიცა.