საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს თბილისის შემოვლითი მაგისტრალის 22.5-კილომეტრიანი პროექტი წარუდგინა. საუბარია ავჭალა-აეროპორტის 22-კილომეტრიან მონაკვეთზე, რომელიც შემოვლითი მაგისტრალის მთავარი მონაკვეთი იქნება.
საპროექტო დოკუმენტაციის თანახმად, მაგისტრალის ამ მონაკვეთის მშენებლობის სავარაუდო ღირებულება 300 მილიონი დოლარი, ანუ 862 მილიონი ლარი იქნება. პროექტისთვის დაფინანსების გამოყოფა აზიის განვითარების ბანკის მიერ მოხდება.
თბილისის შემოვლითი გზის პროექტირების სამუშაოები ჯერ კიდევ 2017 წლიდან მიმდინარეობს და მასზე იტალიური საინჟინრო კომპანიები Anas International Enterprise-ი და IRD Engineering-ი მუშაობენ. ახალმა გზამ გვერდი უნა აუაროს თბილისს და ის ძირითადად იმ მონაკვეთებზე გაივლის, სადაც წარსულში თბილისის შემოვლითი რკინიგზის მონაკვეთს უნდა გაევლო, თუმცა აღნიშნული რკინიგზის განვითარება 2013 წელს შეჩერდა, მას შემდეგ კი დაიწყო მსჯელობა ამ ტერიტორიაზე თბილისის შემოვლითი მაგისტრალის განვითარების შესახებ, რასაც აზიის განვითარების ბანკი აფინანსებს. პროექტს არა თბილისის მერია, არამედ ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახორციელებს.
ახალი მაგისტრალის პროექტირება უკვე არაერთი წელია მიმდინარეობს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანახმად, გზის ავჭალა-აეროპორტის 22.5-კილომეტრიანი მონაკვეთი მეტწილად ყოფილი შემოვლითი რკინიგზის ტერიტორიაზე გაივლის და მის 4 გვირაბს (საერთო სიგრძე 3.6 კმ) და არსებულ ხიდს (სიგრძე 921 მეტრი) გამოიყენებს. ამასთან პროექტისთვის საჭირო იქნება 4 ახალი გვირაბის მშენებლობა 3.8 კილომეტრის სიგრძით და ავჭალის ხიდის პარალელურად, ახალი 928 მეტრის სიგრძის აგება.
საპროექტო გზის ძირითადი ტექნიკური პარამეტრები:
გზის სიგრძე - 22.5 კმ;
საპროექტო სიჩქარე - 120 კმ/სთ;
სავალი ზოლების რაოდენობა - 4 ზოლი;
თითოეული სავალი ზოლის სიგანე - 3.75 მეტრი;
"პროექტის ზემოქმედების ქვეშ ექცევა 1229 მიწის ნაკვეთი, რომელთაგან 433 კერძო საკუთრებაშია. აღწერის შედეგად გამოვლინდა ზემოქმედების ქვეშ მოქცეული 358 შინამეურნეობა, რომელთაგან 52 გამოიკითხა სოციალური კვლევის დროს. აღწერის შედეგად გამოვლინდა ზემოქმედების ქვეშ მოქცეული 14 მოწყვლადი შინამეურნეობა და 28 ადგილმონაცვლე შინამეურნეობა. აღნიშნული შინამეურნეობები მიიღებენ მოწყვლადობის შემწეობას. კომპენსაციის საკითხების მართვა მოხდება მიწის შესყიდვის და განსახლების გეგმის შესაბამისად.
სამუშაოს იწარმოებს 4 წლის განმავლობაში. ლოტი 3-ით გათვალისწინებულ სამუშაოებზე 400 ადამიანი. დასაქმებისას უპირატესობა ადგილობრივ მოსახლეობას მიეცემა (სხვა პროექტების ანალოგიით ადგილობრივების წილი დასაქმებულთა ჯამურ რაოდენობაში 70%, მათგან, სავარაუდოდ 10% ქალების იქნება). კვალიფიკაციის მიხედვით დასაქმდება 20% არაკვალიფიციური, 20% დაბალი კვალიფიკაციის მქონე და 60% კვალიფიციური პერსონალი. (პერსონალის რაოდენობა დაზუსტდება მშენებელი კონტრაქტორის მიერ.)"- ნათქვამია წარდგენილ დოკუმენტაციაში.
ინფრასტრუქტურის სამინისტრომ გზის ამ მონაკვეთის პროექტი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს გზშ დასკვნის მისაღებად თავდაპირველად 2024 წლის აგვისტოში წარადგინა. თუმცა, მაშინ დეპარტამენტმა განაცხადში ტექნიკური ხარვეზები აღმოაჩინა და მიუთითა რომ წარდგენილ ფაილებში ერთმანეთისგან განსხვავებული ხიდების რაოდენობა იყო მითითებული. შესწორებული პროექტი ინფრასტრუქტურის სამინისტრომ დეპარტამენტს 2025 წლის იანვარში წარუდგინა, თუმცა ის ხელახლა დახარვეზდა.
"წარმოდგენილ ელექტრონულ Shp ფაილებში არ არის წარმოდგენილი და დაზუსტებას საჭიროებს სანაყაროს/სანაყაროების განთავსების შესაძლო ადგილების, ასევე სამშენებლო ბანაკის/ბანაკებისთვის განკუთვნილი შესაძლო ტერიტორიების შესახებ ინფორმაცია (GPS კოორდინატების მითითებით). ასევე გარემოსაცვითი შეფასების კოდექსის მე-10 მუხლის მე-4 ნაწილის „ე” ქვეპუნქტის თანახმად გზშ-ის ანგარიშს უნდა დაერთოს ინფორმაცია დაგეგმილი საქმიანობით გათვალისწინებული მშენებლობის პროცესში წარმოქმნილი გამონამუშევრის განთავსების ტერიტორიის (სანაყარო) ალტერნატივების შესახებ, GIS (გეოინფორმაციული სისტემები) კოორდინატების მითითებით, აგრეთვე ინფორმაცია აღნიშნული გამონამუშევრის განთავსების შესახებ. შესაბამისად გზშ-ის ანგარიშში ასახული და განხილული უნდა იქნეს სანაყაროს ალტერნატიული ტერიტორიები.
გზშ-ის ანგარიშში აღნიშნულია, რომ საჯარო განხილვებზე დამსწრე პირთა მხრიდან, დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშთან დაკავშირებით შენიშვნები არ დაფიქსირებულა. აღნიშნული ინფორმაცია საჭიროებს დაზუსტებას. ვინაიდან, როგორც სკოპინგის დასკვნაში, ასევე საჯარო განხილვის ოქმში მოცემულია ინფორმაცია საზოგადოების მხრიდან დაფიქსირებული შენიშვნა/მოსაზრებების შესახებ, რაც გზშ-ის ანგარიშში არ არის განხილული და ასახული. სკოპინგის დასკვნით გათვალისწინებული მოთხოვნის შესაბამისად, გზშ-ის ანგარიშში მოცემული უნდა იყოს საჯარო განხილვებზე გამოთქმული მოსაზრებების/შენიშვნების დეტალურად განხილვის, ასევე ფეხით მოსიარულეთა გადასასვლელების მოწყობის საკითხები. შესაბამისად გზშ-ის ანგარიშში წარმოდგენილი უნდა იყოს მდინარე გლდანულაზე გადასასვლელი ხიდის მონაკვეთზე სოფ. გლდანისა და გლდანულას დასახლებას შორის სახიდე გადასასვლელისა და აღნიშნულ მონაკვეთზე საფეხმავლო გადასასვლელის მოწყობის შესახებ ინფორმაცია,"- ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გზების დეპარტამენტისთვის გაგზავნილ წერილში.
წყარო: bm.ge