საპროტესტო აქციების დროს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული ირაკლი მიმინოშვილი სასამართლო პროცესზე შეუძლოდ გახდა. მან თავდაპირველად წყალი ითხოვა, შემდეგ კი რამდენიმე წუთით სხდომის დარბაზიდან გასვლა. დაკავებულის თქმით, დარბაზში უჰაერობის გამო გახდა ცუდად.
ამის შემდეგ ადვოკატებმა კვლავ სთხოვეს მოსამართლეს დარბაზის შეცვლის შუამდგომლობა, თუმცა, მოსამართლემ დარბაზი კვლავ არ შეცვალა. მისი განმარტებით, ბრალდებულს რამდენიმე წუთით დაელოდებოდნენ და თუკი საჭირო გახდებოდა, სასასწრაფო დახმარებას გამოუძახებდნენ. მოგვიანებით სასამართლოში სასწრაფო დახმარება გამოიძახეს.
ცნობისთვის, დაკავებულებიდან სამს - ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
ბრალდებულებიდან ხუთს - გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.