პურის ქარხნები ფქვილზე დაწესებული საიმპორტო გადასახადის შემცირებას ითხოვენ. პურის მცხობელთა ასოციაციის თავმჯდომარის მალხაზ დოლიძის განცხადებით, არჩევნების შემდეგ ფქვილის ღირებულება გაიზარდა, რომლის პირობებშიც პურის ფასის ღირებულების შენარჩუნება ბიზნესს უჭირს.
მალხაზ დოლიძე ამბობს, რომ ტომარა ფქვილის ფასი ადგილობრივ ბაზარზე გაიზარდა, რასაც ემატება სხვა ხარჯებიც, რომელსაც ვეღარ უმკლავდებიან. დოლიძის განმარტებით, საკითხზე მსჯელობა მხარეებს შორის უნდა დაიგეგმოს და შეხვედრას სოფლის მეურნეობის სამინისტროს ახალი გუნდიც უნდა ესწრებოდეს.
"52 ლარამდე 1 ტომარა ფქვილის ღირებულება კალკულაციაში ჯდებოდა და ასე თუ ისე არ იცვლებოდა. არჩევნების დასრულების შემდეგ შეიმჩნევა რომ წისქვილებმა 53-54 ლარამდე გააძვირეს 1 ტომარა ფქვილი. ამან რა თქმა უნდა, დღის წესრიგში დააყენა ის საკითხი, რომ ალბათ ის იმპორტის გადასახადი, რაც არის ფქვილზე დაწესებული, უნდა დაკორექტირდეს. თუ ეს გაკეთდება, მაშინ ყველაფერი დარეგულირდება და მოხდება ის, რომ შენარჩუნდება პურის ფასი.
დროებითმა გადასახადმა მობილიზაცია გაუკეთა 50 მლნ ლარს, ეს 50 მილიონი ლარი სახელმწიფოს შეუძლია გამოიყენოს სტაბილიზაციისთვის", - ამბობს პურის მცხობელთა ასოციაციის თავმჯდომარე მალხაზ დოლიძე.
შეხვედრისა და საკითხის მხარეებთან განხილვის წინააღმდეგი არ არის ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი ლევან სილაგავა, თუმცა ამბობს, რომ ფქვილზე საიმპორტო გადასახადის შემცირება იმ მოცემულობის წინაშე დააყენებს ფერმერებსა და წისქვილკომბინატებს, რომლის წინაშეც ისინი საიმპორტო გადასახადის შემოღებამდე იყვნენ.
მისი თქმით, დღეს ხორბლის მარაგებს ქვეყანაში ფერმერები და წისქვილკომბინატები ქმნიან, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ საიმპორტო გადასახადი შემცირდება ან გაუქმდება, შესაძლოა, ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოება მნიშვნელოვანი რისკების წინაშე აღმოჩნდეს.
"გამეორდება 2021 და 2022 წელი, როდესაც რუსეთიდან პირდაპირ მოდიოდა ფქვილი პურის ქარხანაში, მარაგები ძალიან მცირეა, იმიტომ რომ შენახვის ვადაც ძალიან ცოტაა და ინფრასტრუქტურაც არ არის შესაბამისი. შესაბამისად, აქ უკვე ჩნდება რისკი არა ფასთან მიმართებაში, არამედ შეიძლება ერთ მშვენიერ დღეს ხორბლის მარაგებთან მიმართებით შეიქმნას პრობლემები. ჩვენ პრიორიტეტში ყოველთვის უნდა გვქონდეს ხორბლის მარაგების თემა. შემდეგ მოდის უკვე ფასი, ვინაიდან ხორბალი თუ არაა, ფასზე ლაპარაკი არც შეიძლება", - აცხადებს ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი ლევან სილაგავა.
ფერმერ ნიკოლოზ ბენიაიძის თქმით კი, ფქვილზე დაწესებულ საიმპორტო გადასახადთან მიმართებით ყველანაირი გადაწყვეტილება უნდა იყოს ყველა მხარის ინტერესის გათვალისწინებით მიღებული. მისი თქმით, ფერმერების მდგომარეობა არც დღეს არის სახარბიელო, რადგან ხორბალს ისევ თვითღირებულებაზე ნაკლებ ფასად აბარებენ, თუმცა მისი შეფასებით, თუ საიმპორტო გადასახადი დაკორექტირდება, შესაძლოა, ფერმერებს აღარ ჰქონდეთ მოტივაცია ხორბლის ფართობები გააშენონ, რაზეც მუშაობა ბოლო წლებია აქტიურად მიდის. მისი თქმით, ეს ფერმერებისთვის დიდი დარტყმა იქნება.
"გასულ წელს განახევრებულ ფასებში გაყიდეს ფერმერებმა ხორბლის მოსავალი და ამიტომ ფართობები შემცირდა, შედარებით მცირე ფართობები იყო დათესილი. დღეს 50%-ს აქვს თვითღირებულებაზე ნაკლებად გაყიდული ხორბალი. ფერმერები დაახლოებით 200 000 ტონამდე ავდივართ მოსავლის ნაწილში, ეს არის ალბათ მცირე, მაგრამ საწყისი რისი განვითარებაც ქვეყანაში შეიძლება. თუ კიდევ დავბრუნდებით უკან, ისევ შემცირდება ფართობები და სასურსათო უსაფრთხოება რისკის წინაშე აღმოჩნდება, რომელიც არის უმნიშვნელოვანესი", - ამბობს მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი ნიკოლოზ ბენიაიძე.
როგორც ცნობილია, მთავრობამ ბოლოს ფქვილზე საიმპორტო გადასახადი 2025 წლის 1-ელ მარტამდე გაახანგრძლივა. შესაბამისი დადგენილება 2024 წლის 27 აგვისტოს გამოიცა. საიმპორტო გადასახადი გახანგრძლივდა ქერსა და ქატოზეც. მთავრობის დადგენილებით, 200 კგ-ზე მეტი ოდენობის ხორბლის ფქვილის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში გაფორმებისას, 1 ტონა ხორბლის ფქვილის იმპორტის გადასახადი ისევ 250 ლარია. რაც შეეხება ქერს და ქატოს, 200 კგ-ზე მეტი ოდენობის ქერის და ქატოს იმპორტისას 1 ტონაზე გადასახადი 100 ლარია.
წყარო: BMG