საჯარო მოსამსახურეები დამოუკიდებელ პროფესიულ კავშირს აფუძნებენ.
40-მდე დამფუძნებელმა "საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი -კონსტიტუციის 78-ე მუხლის" რეგისტრაციის მიზნით დღეს იუსტიციის სახლს მიმართა. ორგანიზაცია ამჟამად არასრულად წარმოადგენს საჯარო სექტორში დასაქმებულ იმ პირებს, რომლებმაც საჯარო განცხადებებით გამოხატეს ერთგულება საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლში გაცხადებული ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ.
მათ შორისაა სალომე ნატროშვილი, პარლამენტის კვლევითი ცენტრის თანამშრომელი. სალომე ნატროშვილის თქმით, პროფკავშირის დაფუძნების მიზანია, საჯარო მოხელეებმა, რომლებიც შესაძლოა პარტიულ ზეწოლას ექვემდებარებოდნენ, გააძლიერონ და მხარი დაუჭირონ ერთმანეთს.
"ჩვენ ვემსახურებით საჯარო ინტერესს, ვართ ადმინისტრაციული რესურსი და არა - პარტიული რესურსი. არ გვევალება რაიმე სახის პოლიტიკური ლოიალობა. ხელფასს გვიხდის არა პოლიტიკური პარტია, არამედ ბიუჯეტი, რომელიც გადასახადების გადამხდელებისგან ივსება", - განაცხადა ნატროშვილმა.
"საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი მიზნად ისახავს საჯარო მოსამსახურეების შრომითი, სოციალურ-ეკონომიკური, სამოქალაქო-პოლიტიკური უფლებებისა და სამართლებრივი ინტერესების დაცვას; საჯარო მოსამსახურეების სამუშაო პირობების, ანაზღაურებისა და სოციალური უზრუნველყოფის გაუმჯობესება და ხელშეწყობას; საჯარო მოსამსახურეებისათვის სამართლებრივი დახმარებისა და კვალიფიციური კონსულტაციის გაწევას და ადვოკატირებას; საჯარო მოსამსახურეების პროფესიული განვითარების ხელშეწყობასა და საქმიანობის სტანდარტების ამაღლებას, ახალი უნარების შეძენის ან გადამზადების თვალსაზრისით თეორიული და პრაქტიკული ღონისძიებების უზრუნველყოფას", - ნათქვამია დამოუკიდებელი პროფკავშირის დამფუძნებელთა განცხადებაში.
ორგანიზაცია აცხადებს, რომ დაფუძნებისთანავე დღის წესრიგში დააყენებს იმ რეპრესიული აქტის საკითხს, რომელიც მიზნად ისახავს საჯარო სამსახურებში პოლიტიკური წმენდის დაკანონებას. პროფესიული კავშირი მზად არის, მიმართოს კანონის ფარგლებში არსებულ ყველა ზომას და დაიცვას საჯარო მოსამსახურეების უფლებები.