რუსთავის სასამართლომ მკვლელობაში ბრალდებულს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

2024-12-18 16:03:28

რუსთავის სასამართლომ  ჯგუფურად, ანგარებით და განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

"რუსთავის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ჯგუფურად, ანგარებით და განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2023 წლის 20 მაისს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მარაბდაში,  ბრალდებულმა ორ თანამზრახველთან,  მათ შორის ერთ არასრულწლოვანთან ერთად ავტომანქანის დაუფლების მიზნით, ტაქსის მძღოლს თავის არეში მრავლობითი დაზიანებები მიაყენეს და ე.წ. „ტროსი“-თ დაახრჩვეს. კვალის დაფარვის მიზნით ცხედარი მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კირიხლოს ტერიტორიაზე გადაიტანეს და  დამარხეს, შემდეგ მოკლულის ავტომობილს დაეუფლნენ.
სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ი“, „მ“ და „ნ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა ჩადენილი, ჯგუფურად, განსაკუთრებული სისასტიკით და ანგარებით)  და  სასჯელის სახედ და ზომად 20 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა
",- ნათქვამია განცხადებაში.