მას შემდეგ, რაც რუსთავის მერმა მოქალაქეების უკმაყოფილების გამო, მიიღო გადაწყვეტილება, "პორტალი-სამოთხის კარიბჭის" დემონტაჟი მესხიშვილის ქუჩიდან მისი დადგმის დღესვე განეხორციელბინა, რუსთაველების ნაწილს გაუჩნდა კითხვა, რა თანხა დაიხარჯა აღნიშნული სკულპტურის დამზადებაში ქალაქის ბიუჯეტიდან.
რუსთავის მოქანდაკეთა საერთაშორისო სიმპოზიუმში 14 მოქანდაკე მონაწილეობდა, თითოეულმა სკულპტორმა გაწეული სამუშაოსთვის 3 000 ევროს ჰონორარი აიღო. აღნიშნულ ინფორმაციას სიმპოზიუმის გვერდზე გამოქვეყნებულ ოფიციალურ დოკუმენტში ვკითხულობთ.
დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ სკულპტორებს თავისუფალი თემატიკით შეეძლოთ ემუშავათ, მონაწილეობის მისაღებად კი, სავალდებულო, მინიმუმ 5-წლიანი გამოცდილება გახლდათ.
"მონაწილეობის პირობები და ვალდებულებები:
ა) სიმპოზიუმის თემატიკა თავისუფალია;
ბ) მონაწილეებს შეუძლიათ იმუშავონ ქვაზე (ქვიშა ქვა, ეკლარი ან ტუფი - მინ.2-მაქს 3 კუბი) და მეტალზე (ზომა თავისუფალია);
გ) მოქანდაკეებს აუცილებლად უნდა ქონდეთ გამოცდილება (მინიმუმ 5 წელი);
დ) მონაწილემ უნდა განაცხადოს თანხმობა, სიმპოზიუმის დასრულების შემდეგ, მისი ნამუშევრის გადაადგილებასა და სხვა ტერიტორიაზე განთავსებაზე;
ე) არტისტმა უნდა განაცხადოს თანხმობა, სიმპოზიუმის დასრულების შემდეგ, მისი ნამუშევრის ქალაქის კუთვნილებაში გადასვლაზე;
ვ) მონაწილეებს ეყოლებათ ასისტენტები სამხატვრო აკადემიიდან.
არჩევის პირობები:
მონაწილეებს აარჩევს სპეციალური კომისია, რომელიც დაკომპლექტებული იქნება სფეროს სპეციალისტებით, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებითა და სამოქალაქო საზოგადოების წევრებით.
მონაწილეების მგზავრობის, განთავსების და ჰონორარის პირობები:
ა) თითოეულ მონაწილის ჰონორარი შეადგენს 3 000 ევროს ექვივალენტი ლარში (გადასახადების გარეშე)
ბ) არტისტების სასტუმროში განთავსებას და კვებას უზრუნველყოფს სიმპოზიუმი
გ) უცხოელი მონაწილეების ფრენას უზრუნველყოფს სიმპოზიუმი
დ) მონაწილეებისთვის საჭირო ინსტუმენტებს და მასალებს უზრუნველყოფს სიმპოზიუმი", - ვკითხულობთ გამოქვეყნებულ დოკუმენტაციაში.
ცნობისთვის, რუსთავში მოქანდაკეთა სიმპოზიუმი პირველად 1990 წელს ჩატარდა და მასში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული ხელოვანები მონაწილეობდნენ. 1990-დან 1995 წლამდე, სიმპოზიუმი სამჯერ გაიმართა, რომელსაც საერთაშორისო ხასიათი ჰქონდა. ამ პერიოდში 21 ქანდაკება შეიქმნა. ნამუშევრები ქალაქის კულტურისა და დასვენების პარკის ტერიტორიაზეა განთავსებული.
ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, სიმპოზიუმი 2016 წელს გაიმართა. რვა ქართველი და სამი უცხოელი მოქანდაკე, საკუთარ კომპოზიციებზე და ქანდაკებებზე, რუსთავის ცენტრალურ პარკში, სპეციალურად მოწყობილ სივრცეში, ერთი თვის განმავლობაში მუშაობდნენ. სიმპოზიუმის ფარგლებში დამზადებული ნამუშევრები განთავსებულია ქალაქის სკვერებსა და ბაღებში.
სიმპოზიუმი 2024 ივნისის თვეში ჩატარდა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ მიზანი ტრადიციის აღდგენა-გაგრძელება იყო.