შსს აქციის მონაწილეებს აფრთხილებს

2024-11-30 18:22:59

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ალექსანდრე დარახველიძის ბრიფინგი.

სიტუაციის დეესკალაციისა და სამართალდამცველთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, საპატრულო და კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები ჩაენაცვლებინა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სპეციალური აღჭურვილობის მქონე თანამშრომლებით, თუმცა სამართალდამცველთა მიმართ ძალადობრივი ქმედებები მაინც გრძელდებოდა საათების განმავლობაში.

პირდაპირი ეთერების საშუალებით, ყველამ ნათლად იხილა, რომ აქციის მონაწილეთა ნაწილმა გადაინაცვლა ჭიჭინაძის ქუჩაზე მდებარე პარლამენტის შენობის ჭიშკართან და დაიწყო ჭიშკრის ჯგუფური დაზიანება, რომლის სავარაუდო მიზანსაც საკანონმდებლო ორგანოში შეჭრა წარმოადგენდა.

მიუხედავად აქციის მონაწილეების მიმართ სამართალდამცველების მხრიდან გაკეთებული არაერთი მოწოდებისა, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ოფიციალურად გავრცელებული განცხადებებისა, რომ მათ შეეწყვიტათ ძალადობრივი ქმედებები და პროტესტი გამოეხატათ მშვიდობიან ფორმებში, აქციის მონაწილეები განაგრძობდნენ კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ აქციის მონაწილეთა დესტრუქციული ქმედებები, საფრთხეს უქმნიდა როგორც პროტესტის მონაწილეთა, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა ჯანმრთელობას და სიცოცხლეს.

ორი დღის განმავლობაში, საპროტესტო აქციის მონაწილეთა ძალადობრივი ქმედებების შედეგად მძიმედ დაშავდა შინაგან საქმეთა სამინისტროს 42 თანამშრომელი. ისინი აქციიდან სხვადასხვა დაზიანებით, მათ შორის, დამწვრობებითა და მოტეხილობებით სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს.

კიდევ ერთხელ ვაფრთხილებთ და მოვუწოდებთ აქციის მონაწილეებს, პროტესტი გამოხატონ კანონით დასაშვებ ფარგლებში, წინააღმდეგ შემთხვევაში, შინაგან საქმეთა სამინისტრო, სიტუაციის დეესკალაციის მიზნით, გაატარებს კანონით მინიჭებულ ყველა ღონისძიებას.