ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელის „Facebook”-ის დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი გარკვეული ცვლილებების განხორციელებას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას ის ფეისბუქის პირად გვერდზე ავრცელებს: „ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანი 2018 წლისთვის არის დავრწმუნდეთ იმაში, რომ ფეისბუქზე გატარებული დრო სასარგებლოდ დახარჯული დროა.“ მისი განცხადებით, სოციალური ქსელი შეიქმნა იმ მიზნით, რომ დახმარებოდა ადამიანებს ერთმანეთთან დაახლოებაში, ხშირ ურთიერთობაში და ოჯახის წევრების, ახლობლებისა და მეგობრებისთვის გამოცდილების გაზიარებაში. თუმცა ბოლო დროს ბიზნესის, ბრენდების და მედიის საჯარო პოსტებმა გადააჭარბა პირად პოსტებს. ამის გამო დაირღვა ბალანსი, რამაც გამოიწვია ის, რომ ნიუსფიდზე ნაკლებად ვხედავთ ადამიანების პირად მომენტებს. „ჩვენ ვგრძნობთ ჩვენს პასუხისმგებლობას იმაზე, რომ ჩვენი სერვისები იყოს განკუთვნილი არამარტო გართობისთვის, არამედ ადამიანების კარგად ყოფნისთვისაც. ამიტომ ჩვენ გულმოდგინედ შევისწავლეთ ეს საკითხი ექსპერტებთან ერთად... ამის გამო ვახორციელებთ საფუძვლიან ცვლილებას, რის შედეგადაც თქვენ ნახავთ თქვენთვის მეტად შესაფერის პოსტებს და თქვენი ჩართულობა სოციალურ ინტერაქტივებში უფრო მნიშვნელოვანი იქნება.“ ცუკერბერგის განცხადებით, პირველი ცვლილება, რომელსაც ფეისბუქის მომხმარებლები შეამჩნევენ, იქნება ის, რომ ნიუსფიდზე ისინი იხილავენ მეგობრების, ჯგუფების და ოჯახის მეტ პოსტს, რაც, მისი აზრით, დადებითად აისახება პირად ურთიერთობებზე.
ცვლილებები რამდენიმე კვირაში ამოქმედდება.