რუსთავში გოგონებს შორის კამათი დაჭრით დასრულდა [video]

2024-11-15 23:39:49

რუსთავში, ყოფით ნიადაგზე გოგონებს შორის დაწყებული კამათი დაჭრით დასრულდა. [ვიდეო/video]

როგორც "ინფო რუსთავისთვის" გახდა ცნობილი, ჭყონდიდელის დასახლებაში, 19 წლის გოგონამ მის მეზობლად მცხოვრები 18 წლის გოგო ცივი იარაღით დაჭრა.

დაშავებული საინფორმაციო სააგენტოს უყვება, რომ თანატოლმა მას ჭრილობა სახის არეში მიაყენა.

"ვმეცადინეობდი და ხმაური გავიგე მათი სახლიდან. ვიცოდი, რომ პატრონი ანუ ამ გოგონას და არ იყო სახლში და როცა მიდიოდა, მთხოვა, ყურადღება მიაქციე სახლს, თუ რამე შეამჩნიე, დამირეკე და მითხარიო. მივწერე, რა ხდება მეთქი და 10 წუთის შემდეგ ჩამოდის ეს გოგონა პრეტენზიებით, შენ ვინ ხარ, რომ ჩემს დას წერ სახლში ხმაურიაო. ასე დაიწყო ყველაფერი.

მესენჯერში გაგრძელდა მერე სიტყვიერი კამათი, შემდეგ კი ეზოში დამიბარა. სადღაც საათნახევარი ვსაუბრობდით თუ რა მოხდა და როგორ მოხდა, მაგ პროცესში მეუბნება, ეხლა გარდაბნიდან მოვა ჩემი დაქალი და ძვლებს დაგილეწავსო. მეთქი კარგი, არ მაქვს პრობლემა.

ავედი სახლში, მივხვდი, რომ მასთან საუბარს აზრი აღარ ჰქონდა. გავიდა ერთი 20 წუთი და მწერს, მოდის ჩემი მეგობარი და გამოდიო. სახლის უკან მოხდა ეს ყველაფერი. გავედი, 5 წუთში ეზოში შემოდის თეთრი მანქანა, გადმოვიდა 2 ბიჭი და 1 გოგო. ჯერ ჩემს დას ელაპარაკა ხელებით, შემდეგ მე მომკიდა ხელზე ხელი და დავიწყეთ ჩხუბი. 2-3 წუთი გაგრძელდა ეს ყველაფერი და უცებ დავინახე, რომ ჩემი მეზობელი გოგონა უკან დაიწია, დანა გაამზადა და სახეში დამარტყა", - აცხადებს დაშავებული.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.

რუსთავის პოლიციამ 18 წლის გოგო ცხელ კვალზე დააკავა.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი იყო მობილიზებული. დაჭრილი გოგონა რამდენიმე საათის განმავლობაში სტაციონარში იყო მოთავსებული, შესაბამისი დახმარების აღმოჩენის შემდეგ კი ბინაზე გაეწერა.


ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები