მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მოქმედმა პრეზიდენტმა, მაია სანდუმ გაიმარჯვა.
"მოლდოვა, შენ დღეს გამარჯვებული ხართ. ჩვენ ერთად ვაჩვენეთ ჩვენი ერთიანობის, დემოკრატიისა და ღირსეული მომავლის მიმართ ერთგულების ძალა, - ამის შესახებ მოლდოვის მოქმედმა პრეზიდენტმა, პროევროპელმა კანდიდატმა მაია სანდუმ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინასწარ შედეგებზე კომენტირებისას განაცხადა.
„გმადლობთ, ძვირფასო მოლდოველებო, შინ და საზღვარგარეთ. იარეთ სიამაყით - თქვენ ხართ თავისუფლება, იმედი და გამძლეობა. მე ვამაყობ, რომ გემსახურებით ყველას“, - აღნიშნა სანდუმ.
სანდუს გამარჯვება საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმაც მიულოცა.
"მაია სანდუ, თქვენი გამარჯვება ჩვენი გამარჯვებაა - მოლდოვას არჩევნები საქართველოს მოპარული არჩევნების საუკეთესო „მტკიცებულებაა“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს, სადაც მაია სანდუს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.
"მოლდოვის არჩევნები საქართველოს მოპარული არჩევნების საუკეთესო „მტკიცებულებაა“ : რუსეთის მხრიდან მსგავსი ჩარევისა და მასიური გაყალბების მიუხედავად, მოლდოვა დიასპორის 300 000 ამომრჩეველმა გადაარჩინა. ჩვენი ძლიერი დიასპორის 1 000 000 წარმომადგენელი შეზღუდეს. ხმის მიცემის ნება მხოლოდ 34 000-ს დართეს,“ - წერს პრეზიდენტი.
ცნობისთვის, მოლდოვას საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის ხმების თითქმის 99 პროცენტის დათვლის შემდეგ მიღებული მონაცემები აჩვენებს, რომ სანდუ თითქმის 55%-ით ლიდერობს, მისმა მეტოქემ, ალექსანდრე სტოიანოგლომ, რომელსაც მხარს პრორუსული „სოციალისტების პარტია“ უჭერდა, ხმების 45.03%-ი მოიპოვა.