სტომატოლოგიური კლინიკები მომსახურებაზე ფასების ზრდას აანონსებენ. 700-ზე მეტი სტომატოლოგი ფასის სავარაუდო მატებას იმ რეგულაციებს უკავშირებს, რომლის ამოქმედებაც 1-ელი იანვრიდანაა დაგეგმილი და რომელიც სტომატოლოგების უწყვეტ სამედიცინო განათლების სისტემაში ჩართვას და ტრენინგებზე დასწრებას გულისხმობს.
ჯანდაცვის განვითარებისა და უფლებათა დაცვის ლიგაში, რომელსაც 700-ზე მეტმა სტომატოლოგმა მიმართა, განმარტავენ, რომ მედიკოსების ტრენინგებში მონაწილეობა წელიწადში დაახლოებით 10 000 ლარის ფარგლებში მერყეობს, რაც ხარჯების ზრდას იწვევს.
ამასთან, აღნიშნავენ, რომ სრულად ეთანხმებიან უწყვეტი გადამზადების მოთხოვნას, თუმცა მიიჩნევენ, რომ აღნიშნული მოთხოვნა ამ ეტაპზე რთულად მისაღწევი აღმოჩნდა დამწყები და რეგიონში მცხოვრები სტომატოლოგებისათვის.
ჯანდაცვის განვითარებისა და უფლებათა დაცვის ლიგაში აღნიშნავენ, რომ სტომატოლოგთა უმრავლესობა უსამართლოდ მიიჩნევს დადგენილების მე-6 პუნქტის სავალდებულო პირობასაც. აქ მიზეზად სახელდება ის საკითხები, რაც ტრენინგ-სემინარებზე არის შემოთავაზებული, კერძოდ, მედიკოსები განმარტავენ, რომ აღნიშნული უკვე შესწავლილი და გავლილი აქვთ უნივერსიტეტებში.
"40 ტრენინგის სია მოგვცა ჯანდაცვის სამინისტრომ, რომლის ნაწილი უკვე ჩატარებულია, ნაწილზე ადგილი არ არის, ზოგიც კი რეგიონებში არ ტარდება. ზოგი ისეთი ტრენინგია, რომელიც 6000 ლარი ღირს...საოცარი ფასები აქვს.
ყველა ტრენინგი საინტერესოა, მაგრამ გააჩნია ვისთვის. მომხრე ვარ, ყველამ იცოდეს დეზინფექცია-სტერილიზაცია უმაღლეს დონეზე, მეც ვატარებ ტრენინგებს, მაგრამ არ არის აკრედიტებული. 700-ზე მეტი სტომატოლოგის სახელით ვსაუბრობ და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ როდესაც 5000-დან 10 ათასამდე ლარს გადავიხდი სავალდებულო ტრენინგში წლის განმავლობაში, გარდა ამისა, თუ დამატებით ვივლი კვალიფიკაციის ასამაღლებელ ტრენინგებზე, ხარჯი გამეზრდება. საიდან უნდა მოვიტანო ეს ფული, თუ პაციენტებისგან არ ამოვიღე? ეს ძალიან ცუდად აისახება მოსახლეობაზე. სტომატოლოგებს არ გვინდა ფასის მომატება!
ჩვენ ეს საკითხები პოლიტიკურ ჭრილში არ გვინდა გადავიყვანოთ, პასუხებს ვითხოვთ ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან. თუ სტომატოლოგების და კლინიკების დაჯარიმება დაიწყება, კლინიკებსა და დასაქმებულებს შორის კონფლიქტს გააღვივებს, მის გამო რომ ვერ მოგროვდება ექიმის მიერ ქულები.
გვექნება ძალიან ბევრი შემთხვევა, როდესაც სტომატოლოგები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებენ. აღნიშნულის წინააღმდეგ წლები ვიბრძოლეთ. ამ მიმართულებით ინფექციების კონტროლიც რთული იქნება",- აღნიშნა ჯანდაცვის განვითარებისა და უფლებათა დაცვის ლიგის ხელმძღვანელმა ირინა ბერკაცაშვილმა "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას.
ამასთან, როგორც მან განმარტა, მათთვის უცნობია, სავალდებულო პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში, სანქციის რა სახე და მოცულობა იქნება განსაზღვრული.
ინფორმაციისთვის, 2025 წლის 1-ელი იანვრიდან, სტომატოლოგები ვალდებულები იქნება უწყვეტი სამედიცინო განათლების სისტემაში ჩაერთონ და ტრენინგებზე დასწრებით ყოველ წელს 20 ქულა დააგროვონ. დადგენილების თანახმად, ტრენინგები მათ შორის უნდა მოიცავდეს ისეთ საკითხებს, როგორიც არის გადაუდებელი მდგომარეობების და ალერგიული რეაქციებით გამოწვეული შემთხვევების მართვა. #432- ე დადგენილებაში არ არის განსაზღვრული სანქციის ზომა და მოცულობა, ასევე ის სამართლებრივი შედეგი, რაც სავალდებულო მოთხოვნის შეუსრულებლობის შედეგად დადგება (საქმიანობის უფლების შეზღუდვა; ადმინისტრაციული ჯარიმა ან სხვა.).