ცოლისა და სიდედრის მკვლელობაში ბრალდებულის სასამართლო სხდომა [video]

2024-09-03 19:57:07

რუსთავის საქალაქო სასამართლოში ცოლისა და სიდედრის მკვლელობაში ბრალდებულის, გიორგი ფირაშვილის წინასასამართლო სხდომა გაიმართა. [ვიდეო/video]

სხდომას მოსამართლე მადონა მაისურაძე უძღვებოდა. პროცესზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს და საქმე სასამართლოს არსებითი განხილვისთვის გადაეცა.

პროკურორ ქეთევან სონიძის განმარტებით, სასამართლომ სახელმწიფო ბრალდების მიერ მოპოვებული ყველა მტკიცებულება დასაშვებად ცნო. ბრალდების მხარე საქმეზე დაკავებულის უვადო თავისუფლების აღკვეთით დასჯას ითხოვს.

"მოცემულ პროცესზე ბრალდების მხარის ყველა მტკიცებულება დასაშვებად იქნა ცნობილი. ასევე, გადაისინჯა შეფარდებული აღკვეთი ღონისძიება, პატიმრობა, რაც სასამართლომ ძალაში დატოვა ბრალდებულის მიმართ.

ბრალდების მხარემ მიიღო ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნაც, საიდანაც ცალსახად დადასტურდა, რომ გიორგი ფირაშვილი დანაშაულის ჩადენის დროს, სრულად აცნობიერებდა ჩადენილი ქმედების ხასიათს, შესაბამისად, მას პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს საერთო წესით და უნდა მიიღოს სასჯელი, რომელსაც კანონით იმსახურებს. ბუნებრივია, ბრალდების მხარე მოითხოვს  და დიდი ალბათობით, სასამართლომაც უნდა გაიზიაროს ჩვენი მოთხოვნა, რომ ბრალდებულს შეეფარდოს უვადო თავისუფლების აღკვეთა, როგორც უმკაცრესი სასჯელი მის მიერ ჩადენილი ქმედების პროპორციულად", - განაცხადა პროკურორმა.

დაცვის მხარე შეფარდებული აღკვეთი ღონისძიების გადასინჯვას და გირაოს სანაცვლოდ შინაპატიმრობას ითხოვდა, აღნიშნული შუამდგომლობა სასამართლომ არ გაიზიარა. ამასთან, არ დაკმაყოფილდა დაცვის მხარის მოთხოვნა, დასაშვებად არ ყოფილიყო ცნობილი გარკვეული მტკიცებულებები.

"ორი ჩვენება იყო, ორივე ადამიანი დახლოებით 20 ხაზს ზუსტად ერთიდაიმავეს იმეორებდნენ, ქოფი ფეისთი იყო, აქედან გამომდინარე, დავაყენეთ დაუშვებლად ცნობის საკითხი, მოსამართლემ დაუშვებლად არ ცნო, მაგრამ სასამართლოზე დავკითხავთ და გამოვლინდება, რომ ცრუ ჩვენებას იძლევიან. ერთმა გამომძიებელმა დაამთავრა, მეორემ გააგრძელა, ზუსტად იგივე სიტყვებია, წერტილი, მძიმე, 18 ხაზი როგორ შეიძლება ზუსტად ერთიდაიგივე ვილაპარაკოთ მე და თქვენ?

გიორგი ფირაშვილს ჩვენება მიცემული არ აქვს, როცა დუმილის უფლებით სარგებლოს, გამოდის, რომ თავს არ ცნობს დამნაშავედ, აქედან გამომდინარე, ადვოკატმა რომ  არ დააყენოს საქმის წარმოების შეწყვეტის საკითხი, გამოდის, რომ დაცვის გარეშე დავტოვეთ ის.

რაც შეეხება ფსიქიკურ მდგომარეობას, დანაშაულის ჩადენის მომენტში, ექპერტიზის დასკვნაში წერია, რომ ფიზიოლოგიური აფექტის მდგომარეობაში არ იმყოფებოდა, მაგრამ აფექტის ფაზებს გვეუბნება დაკითხული პოლიციელების ჩვენებები ", - აცხადებს ადვოკატი ზურაბ როსტიაშვილი.

აღსანიშნავია, რომ სხდომის დაწყებამდე სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე ინცინდენტს ჰქონდა ადგილი. ფიზიკური დაპირისპირება მოხდა გარდაცვლილებისა და ბრალდებულის ოჯახის წევრებს შორის. 

ადგილზე პოლიციისა და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები იყო მობილიზებული.

შეგახსენებთ, 22 მაისს, რუსთავში, დუმბაძის ქუჩაზე მდებარე სკვერში დედა-შვილი სანადირო თოფიდან გასროლით იმ დროს მოკლეს, როცა ისინი ჩვილ ბავშვს ასეირნებდნენ. სამართალდამცავებმა მომხდართან დაკავშირებით ცხელ კვალზე დააკავეს 27 წლის გიორგი ფირაშვილი.


ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები