რუსთაველმა მარიამ ქავთარაძემ მუშაობა "Meta"- ში დაიწყო

2024-07-23 18:08:43

რუსთაველმა მარიამ ქავთარაძემ მუშაობა "Meta"- ში დაიწყო.

25 წლის გოგონამ კომპანიაში მოსახვედრად საკმაოდ რთული ეტაპები გაიარა და დასკვნითი გასაუბრების შემდეგ, დუბლინის ოფისში, გლობალური ოპერაციების დეპარტამენტში, მარკეტის სპეციალისტად დაინიშნა.

"დავასრულე მასტერის პროგრამა გლობალური მენეჯმენტის მიმართულებით და მეტას დუბლინის ოფისში დავიწყე მუშაობა, გლობალური ოპერაციების დეპარტამენტში, მარკეტის სპეციალისტად. 1-წლიანი კონტრაქტი მაქვს.

საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაბიჯია ჩემს კარიერაში, ვინაიდან, საერთაშორისო კორპორაციულ კულტურას ვუერთდები. ზოგადად, როცა გადავწყვიტე სასწავლებლად ირლანდიაში წამოსვლა, წინასწარ მქონდა მოკვლეული ბაზარი და ვიცოდი, რომ იყო მოთხოვნა ტექნოლოგიების მიმართულებით მომუშავე კადრებზე. ირლანდია, როგორც მოგეხსენებათ, ტექნოლოგიების ჰაბად ითვლება ევროპაში და 100-ზე მეტ გიგანტ კომპანიას აქვს სათაო ოფისი დუბლინში და კორკში.

თუმცა, მოთხოვნასთან ერთად, დიდია გამოცხადებულ ვაკანსიებზე აპლიკანტთა რაოდენობაც. შესაბამისად, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, იყო ბევრი უარიც, ბევრი იმედგაცრუებაც, თავდაუზოგავი შრომა, რომელმაც საბოლოოდ გამოიღო ხელშესახები შედეგი. საკუთარი თავისა და შესაძლებლობების რწმენას აუცილებლად მოაქვს წარმატება.

რთული გადაწყვეტილება იყო საქართველოს დატოვება, თუმცა გათავისებული მაქვს, რომ ეს არის დროებითი, ჩემი პროფესიული მიზნებისთვის გადადგმული ნაბიჯი და ზუსტად ვიცი, აქ მიღებულ გამოცდილებას, ჩემი ქვეყანის განვითარებისთვის გამოვიყენებ, როცა დავბრუნდები.

მომავალ გეგმებზე, მხოლოდ ერთი რამ შემიძლია ვთქვა - წინ დიდი გზაა და ამ პატარა ფრაზის ძალამ, რომელიც ჩემს მეგობარს ეკუთვნის, დიდი მოტივაცია მომცა", - ამბობს მარიამი "ინფო რუსთავთან".

 

 

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები